აშშ აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად დიპლომატია საუკეთესო გზა არის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისის გადასაწყვეტად ოპტიმალური გამოსავალი დიპლომატია არის და რომ ის უახლოეს დღეებში ფრანგ, გერმანელ და ბრიტანელ კოლეგებთან ამ საკითხზე მორიგ კონსულტაციებს გაივლის.

“როგორც იცით, ჩვენი მიდგომა იყო ორმხრივი სტრატეგია, სადაც, ერთი მხრივ, ვეწეოდით დიპლომატიურ მოლაპარაკებებს - ბევრად უფრო სასურველ კურსს, პასუხისმგებლობიან კურსს - მაგრამ ამავდროულად, ვაძლიერებდით შეკავების ასპექტებს, რათა დაგვერწმუნებინა რუსეთი თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან“, განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს, რომლებიც მასთან ერთად მიემგზავრებოდნენ ავსტრალიაში.

ასევე ნახეთ: ელფები VS ტროლები - როგორ ებრძვის ცენტრალური ევროპა რუსულ პროპაგანდას

მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, გრძელდება. ოთხშაბათს მოსკოვში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრუსი გაემგზავრა. რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრამდე მან თქვა, რომ მოლაპარაკების დროს ცხადად იტყვის იმას, „რუსეთის მორიგი შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში მძიმე შედეგების მომტანი იქნება ყველა მონაწილესთვის“.

მისივე თქმით, „რუსეთს აქვს არჩევანი. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მათ ჩაერთონ, მოახდინონ დეესკალაცია და აირჩიონ დიპლომატიის გზა“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროპელი მოკავშირეების ძალისხმევა გავლენას ახდენს კრიზისის დეესკალაციაზე.

რუსეთი ნოემბრის შემდეგ უკრაინის საზღვრებთან ჯარის და შეიარაღების მობილიზაციას აგრძელებს. კრემლი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს.