აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტების ლიდერმა ორშაბათს განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს და ის იძულებული იქნება დახმარებისთვის მოსკოვს მიმართოს.
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი დენის პუშილინის თქმით, ომის ალბათობა მაღალია და რომ ის დიდ მსხვერპლს გამოიწვევს. მან ასევე დასძინა, რომ ასეთი ომის სურვილი „სიგიჟე“ იქნებოდა.
"პირველ რიგში ჩვენ საკუთარი თავების იმედი გვაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ შეიძლება იძულებული გავხდეთ რუსეთს მივმართოთ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა, დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით, გარკვეულ ხაზს მიღმა გადმოვა“, უთხრა პუშილინმა „როიტერს“.
მისივე თქმით, სეპარატისტებს შეიარაღებაში ჩავარდნები აქვთ, განსაკუთრებით ელექტრონული ომის, საჰაერო თავდაცვის და დროების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ოფიციალური კიევის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს 2014 წლიდან დღემდე, დაახლოებით, 15 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დაძაბულობამ ნოემბრის შემდეგ განსაკუთრებით მოიმატა. რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. უკრაინა და დასავლეთი შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს.