კრემლი უარყოფს, რომ პრეზიდენტი პუტინი ფრანგ კოლეგას უკრაინასთან დაკავშირებით ახალი სამხედრო ნაბიჯებისგან თავის შეკავებას დაჰპირდა.
ეს ინფორმაცია მედიამ საფრანგეთის მთავრობის ერთ-ერთ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა. მასალებში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ეს დაპირება ემანუელ მაკრონს მოსკოვში ორშაბათ საღამოს გამართული ხანგრძლივი შეხვედრისას მისცა. კრემლის პრეს-სპიკერის, დმიტრი პესკოვის განმარტებით, რუსეთმა და საფრანგეთმა ჯერჯერობით უკრაინასთან დაკავშირებული ესკალაციის შემცირების თაობაზე მოლაპარაკებას ვერ მიაღწიეს და რომ ამ შეხვვედრამ სამომავლოდ ამ საკითხზე მუშაობისთვის საფუძველი შექმნა.
იმავე წყაროზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც, პუტინმა ეს დაპირება გასცა, მედია წერდა, რომ ვლადიმირ პუტინი ბელარუსის ტერიტორიიდან სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ საკუთარი ჯარების გაყვანასაც დათანხმდა. პესკოვმა კი კონკრეტული თარიღის მიუთითებლად თქვა, რომ კრემლი ისედაც არ აპირებდა ამ ძალების ბელარუსში დატოვებას.
უკრაინის საზღვრებთან 100 000-მდე რუსი სამხედროა მობილიზებული. რუსეთის შეიარაღებული ძალები ბელარუსში სამხედრო წვრთნებშიც მონაწილეობენ. უკრაინაში და დასავლეთის ქვეყნებში შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრას. კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ თავდაცვის მიზნით მოქმედებს. ამასთან, ნატოსგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს, რაც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან ნატოს ჯარების გაყვანას, უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობის თაობაზე მიცემული პირობის უკან წაღებას და ნატოს ძალების 1997 წლის განლაგებაზე დაბრუნებას მოიცავს.