ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა


სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს. 30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10, 000-დან 30, 000-მდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი - დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის დარღვევაშიც საქართველომ რუსეთი დაადანაშაულა.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. ამას წინ უძღოდა ცხინვალის რეგიონიდან დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომი. მოსკოვმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო „სამხრეთ ოსეთიც".

გმირთა მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. მათ გმირთა მოედანი უკომენტაროდ დატოვეს.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან შეკრებილი დევნილების ერთი ჯგუფი ცდილობდა მემორიალთან მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მისვლას, რისი საშუალებაც მათ დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს.
აფხაზეთის ომში, ოჩამჩირეში, დაღუპული ავთანდილ ვაწაძის დედამ, თინა გახოკიძემ, მოგვიანებით მედიასთან თქვა, რომ პრემიერთან სურდა ესაუბრა თავისი შვილის გადმოსვენების საკითხზე.

„ამდენი ხალხი გადმოასვენეს, ჩემი შვილი ვერ გადმოასვენეს, რომელიც არ არის საძებარი, იციან სად გადააგდო აფხაზმა. ის დაიღუპა ოჩამჩირის რაიონში, ტანკზე აფეთქდა. 30 წელი გავიდა. მინდოდა მეთხოვა, რომ ჩემს სიცოცხლეში გადმოასვენონ და ობოლმა ბავშვებმა იცოდნენ, მათი მამა სადაა, მაგრამ წავიდა, არ მოგვისმინა”, - უთხრა ჟურნალისტებს თინა გახოკიძემ.

თინა გახოკიძეს და მის თანმხლებ ქალს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე ესაუბრა.

"დღეს არის გლოვის დღე. ყვირილით და პროვოცირებით გლოვის დღეს არავინ არ ხვდება. მიეცით ადამიანს საშუალება, რომ ნუგეში გამოგითქვათ", - მიმართა კობა კოლაძემ ქალებს, რომლებმაც თქვეს, რომ წუხან, რომ პრემიერი მათთან არ მივიდა.

მანამდე, ამ დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება მისმა პრეს-სამსახურმა გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების“ იდეის ერთგულია.

„მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა. მჯერა, რომ მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ეკუთვნის”, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი სიტყვებით, „სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი“. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება კი საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება. პრემიერი განცხადებაში უსამძიმრებს ომის მსხვერპლთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG