ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორელი ზურაბიშვილთან შეხვედრას აფასებს


საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი "ტვიტერზე" ეხმაურება.

"კარგი შეხვედრა [შედგა] სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ და რეგიონში უსაფრთხოების ვითარებაზე. საქართველო ჩვენი მტკიცე პატრნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ერთად მუშაობენ ევროკავშირის მომავლისკენ მიმართული პროგრესის მისაღწევად", - ნათქვამია ჟოზეფ ბორელის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ორდღიანი პირველი ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში, ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა, მათ შორის - საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ბორელმა განიხილა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი, ასევე - უფრო ფართო საგარეო პოლიტიკური და რეგიონული საკითხები.

ბორელმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ის მთავრობასთან და ხალხთან სამი ძირითადი გზავნილით არის ჩამოსული. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში აღნიშნავს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროკავშირის იმედი. "საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა საქართველოში ჩამოვსულიყავი და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის" - თქვა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG