ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ ითვლის სწორად შესრულებულ ევრორეკომენდაციებს?


პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის შეხვედრა თბილისში
პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის შეხვედრა თბილისში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერთან, პარლამენტის წევრებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. ჯოზეფ ბორელი იმყოფებოდა ოკუპაციის ხაზთანაც, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

იქამდე, ვიდრე საქართველო მიიღებს პასუხს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის თაობაზე, ამ გაერთიანების საგარეო ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელის ვიზიტი და მისი მესიჯები, ერთგვარი გზამკვლევის დანიშნულებას იძენს, ევროკავშირის წევრობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში.

„ჩვენ საქართველოს არ მივატოვებთ“,- განაცხადა ბორელმა პრესკონფერენციაზე, რომელიც მან პრემიერთან ერთად გამართა. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ვინც მას შეხვდნენ, ასევე აღნიშნავდნენ, რომ საქართველოსგან დასავლეთს აქვს თანმიმდევრულობისა და არჩევანის მკაფიოდ დაფიქსირების მოლოდინი. განსხვავებულ პოზიციაზეა მმართველი გუნდი. იქ მიიჩნევენ, რომ საქართველომ უკვე გადადგა ყველა საჭირო ნაბიჯი და ახლა მხოლოდ ისღაა დარჩენილი, რომ ევროკავშირმა ეს დაინახოს და დააფასოს.

თვალშისაცემი გახლდათ არითმეტიკული სხვაობა, ეგრეთ წოდებული თორმეტ პუნქტიანი გეგმის შესრულებული ნაწილების დათვლისას. ბორელმა განაცხადა, რომ მოკლე გზა არ არსებობს და რომ საქართველოს ჯერ მხოლოდ 3 რეკომენდაცია აქვს გათვალისწინებული. პრემიერმა კი თქვა, რომ 12 რეკომენდაციიდან „ძირითადი მათგანი არის შესრულებული. ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს“.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის ბრიფინგი თბილისში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:44 0:00

„ჩვენ ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ განვახორციელოთ ევროკავშირის რეკომენდაციები“,- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

„მთელი ძალისხმევა ჩადეთ ამ ვალდებულების შესრულებაში. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა. 1.3 მილიარდი ევროა მობილიზებული, რაც მოხმარდება ეკონომიკის განვითარებას, კონკურენტუნარიანობის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ჩვენ გვაქვს გეგმები, საქართველოსთან მიმართებით. საქართველოს ყოფნა ევროკავშირში, არის ჩვენს ინტერესში. განა თქვენ გვემუდარებით, ჩვენ გვინდა, რომ იყოთ ევროკავშირის წევრი. ნუ იფიქრებთ, რომ მიგატოვებთ,“- განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბორელმა და თვალსაჩინოებისთვის მოიყვანა ლექტორისა და სტუდენტის მაგალითი, რომელსაც გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. ამ მეტაფორაში პრემიერი მას ხაზგასმით არ დაეთანხმა.

„მე ასე არ ვუყურებ ვითარებას, როგორც ბატონმა ბორელმა განმარტა. ჩვენი არგუმენტი არის შემდეგი. ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას. შარშან მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს სტატუსი ბონუსად. ისე, რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არც ერთი რეკომენდაცია. ქართველებს, რაც ძალიან არ გვიყვარს, ესაა უსამართლობა. ჩვენ არ ვეგუებით უსამართლობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რასაც მიიღებთ, იყოს სამართლიანი,“- ამბობს პრემიერი. მან, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირის წარმომადგენელს და განაცხადა, რომ საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმა რუსეთისთვის გაგზავნილი პოზიტიური სიგნალი იქნება დასავლეთიდან.

„არავინ იცის, როგორ და როდის დასრულდება უკრაინაში ომი და რა მსოფლიო წესრიგი ჩამოყალიბდება. ასეთ, არაპროგნოზირებად გარემოში, თქვენ მიეცით სტატუსი უკრაიანასა და მოლდოვას და არ მოგვეცით ჩვენ. ასეთ არაპროგნოზირებად გარემოში, ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ნეგატიური მესიჯი, იქნება პოზიტიური გზავნილი რუსეთისთვის. ვიცით, რომ ეს პროცესი არის რთული და დამსახურებაზე დაფუძნებული, მაგრამ ამავდროულად, გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. თქვენ, უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებით იხელმძღვანელეთ. თუ თქვენ, მართლაც, გსურთ ევროკავშირის საქართველოსთვის, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბორელმა საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე, რისკ-ფაქტორებს შორის დაასახელა პრეზიდენტისთვის მოსალოდნელი იმპიჩმენტის საკითხი. ახსენა, აგრეთვე რუსეთ-საქართველოს შორის აღდგენილი ფრენები და მიმოსვლა, როგორც არასაჭირო ნაბიჯი ქვეყნისთვის.

„იმ პირობებში, როდესაც საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არიან, როდესაც აქ მურუსიძის სასამართლოა, ევროპაში არავინ არ გველოდება,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა. „ღარიბაშვილი ამბობდა პრესკონფერენციაზე, რომ თავისუფალი სასამართლო გვაქვს. ბორელი ამბობდა, რომ რუსული ფრენები ძალიან ცუდია საქართველოსთვის. ღარიბაშვილი ამბობდა ამაზე, რომ ეს საქართველოსთვის ძალიან კარგია. ბორელი ამბობდა, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ რა ვქნათ, ოპოზიციის ბრალია...“- განაცხადა ბრიფინგზე ხაბეიშვილმა. მან ჩამოთვალა ის პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობები, რომლებიც დღეს უკავიათ ადამიანებს, ვინც ივანიშვნილის ბიზნესში დაქირავებულ თანამშრომლებს წარმოადგენდნენ და დასძინა, რომ ასეთი სტილით მმართველობა დასავლური სტანდარტისგან შორსაა.

თინათინ ხიდაშელი, "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:54 0:00

სამოქალაქო საზოგადოებიდან ერთ-ერთი, ვინც ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდა, თინათინ ხიდაშელია, ყოფილი თავდაცვის მინისტრი. ახლა ის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ ხელმძღვანელობს. ჟურნალისტებთან მან განაცხადა, რომ პოზიტიური მოლოდინი აქვს საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ „არა ილუზორულად, არამედ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ამ დროისთვის მაქვს, ჩვენ მივიღებთ სტატუსს. ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს შეაფერხოს, ისაა, რომ შემდეგი სამი თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ახალი „რუსული კანონის“ მაგვარი რამ შემოგვთავაზოს. ან რაიმე ისეთი სიგიჟე ჩაიდინოს, რაც შეუძლებელს გახდის ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას“.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მორიგად გამოხატა საკუთარი აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლელი პარტნიორები, საუბრობენ რა ევროკავშირის წევრობაზე, ერთმანეთისგან მიჯნავენ ხალხსა და ხელისუფლებას. პაპუაშვილი ამბობს, რომ ხალხი, ხელისუფლება და ქვეყანა ერთ მთლიანობას წარმოადგენს. მან ხაზი გაუსვა მმართველი გუნდის მოლოდინს „სამართლიან გადაწყვეტილებასთან“ დაკავშირებით, ევროკავშირის მხრიდან, კანდიდატის სტატუსთან მიმართებით.

პაპუაშვილი, ისევე როგორც ღარიბაშვილი, აცხადებს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. "როგორ ლობირებს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კანდიდატის სტატუსს? - ისინი ამბობენ, რომ ჩვენთან არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, არის ოლიგარქია, არ ვარგა ჩვენი პოლიცია, ჩვენი არაფერი არ ვარგა, მაგრამ მაინც მოგვეცით სტატუსი. ვის უნდა მოატყუონ, რომ ეს არის ლობიზმი? როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ გვაქვს უვარგისი ქვეყანა და ლამაზი თვალების გამო მოგვეცით სტატუსი, ეს რა არის, საერთოდ?“- ამბობს პაპუაშვილი.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ხურვალეთში, ოკუპაციის ხაზთანაც მივიდა. ის ადგილობრივ მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და მათი საჭიროებების თაობაზე მოისმინა, შემდეგ კი მედიასთან მორიგი კომენტარი გააკეთა.

ჯოზეფ ბორელი ხურვალეთში, ოკუპაციის ხაზთან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:01 0:00

„15 წლის მანძილზე, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის და პატრულირებას ახორციელებს აქ, ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან. ისინი კვირაში შვიდი დღის განმავლობაში ამ საქმით არიან დაკავებული, მთელი წლის მანძილზე, ზაფხულსა და ზამთარში. ჩვენი მისიის მიზანია უსაფრთხოების შენარჩუნება. მე ვესაუბრე ხალხს, ვინც იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა და ახლა ისინი აქ არიან. მათთვის უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი წარმომადგენლები აკონტროლებენ ვითარებას ოკუპაციის ხაზთან და ახდენენ სამხრეთ ოსეთის, რუსების, შემოჭრის პრევენციას საქართველოს ტერიტორიაზე ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რასაც აქ ვაკეთებთ და გავაგრძელებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენ არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, ვერ ვახდენთ სასწაულებს, მაგრამ უამრავ დროს ვხარჯავთ ადამიანების მხარდასაჭერად,“- განაცხადა ბორელმა.

კითხვაზე, რამდენად აიძულებს დასავლეთი საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას, ბორელი პასუხობს - „მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე ისტორია არის სრული აბსურდი. არ დაკარგოთ დრო ამ პროპაგანდაზე.“

ბორელმა საქართველო 8 სექტემბერს დატოვა, თუმცა ადგილზე დატოვა მისი წარმომადგენელი, რომელისგანაც მომავალი დაკვირვებების თაობაზე მიიღებს ინფორმაციას. 2023 წლის ბოლოს, საქართველოს ექნება პასუხი იმის შესახებ, რამდენად აღიქვამს მის კურსს დასავლურად - დასავლეთი.

XS
SM
MD
LG