ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრესის თავისუფლების მხრივ ვითარება მთელ მსოფლიოში უარესდება


3 მაისს მსოფლიო "პრესის თავისუფლების დღეს" აღნიშნავს. სწორედ ამ დღისთვის ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ რიგით 21-ე ანგარიში გამოაქვეყნა. მედიის უფლებადამცველთა საერთაშორისო ჯგუფი აკვირდება, თუ რამდენად აქვთ ჟურნალისტებს ინფორმაციის მოპოვების და გამოქვეყნების შესაძლებლობა შეუფერხებლად, ზეწოლის, ჩარევის, თუ სასიცოცხლო რისკების შექმნის გარეშე.

ორგანიზაციამ ამ მიმართულებით 180 ქვეყანაში ჟურნალისტიკის სფეროში შექმნილი ვითარება შეაფასა. ანგარიშის გამოსვლა წელს პრესის თავისუფლების დღის დაწესების 30-ე იუბილეზე მოხდა, რომლის დაფუძნების მიზანიც იყო შეხსენება მთავრობებისთვის, რომ მათ მოვალეობებში გამოხატვის თავისუფლების დაცვაც შედის.

ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტებისთვის შექმნილი სამუშაო გარემო საშუალოდ ყოველი 10-დან 7 ქვეყანაში ცუდია და მხოლოდ დარჩენილ 3-შია დამაკმაყოფილებელი. 2023 წლის „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი“ ამბობს, რომ სიტუაცია „ძალზე სერიოზულია“ 31 ქვეყანაში, „რთულია“ 42 სახელმწიფოში, „პრობლემურია“ 55-ში და „კარგი“ ან „დამაკმაყოფილებელია“ - 52-ში.

პრესის თავისუფლების მხრივ საუკეთესო მდგომარეობაა ევროპაში. ნორვეგია უკვე მე-7 წელია პირველ ადგილს იკავებს. მე-2 ადგილზეა ირლანდია. შემდეგ მოდის დანია და ნიდერლანდები. ქვედა სამეულში ექსკლუზიურად აზიის ქვეყნები მოხვდნენ. ბოლო, 180-ე ადგილზეა ჩრდილოეთ კორეა, 179-ზე - ჩინეთი, 178-ე ადგილს ვიეტნამი იკავებს.

საქართველო "პრობლემური" ქვეყნების ჯგუფში რჩება, თუმცა მისი მონაცემი 12 პუნქტითაა გაუმჯობესებული. საქართველო წელს 77-ე ადგილს იკავებს. ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გასული წლის ანგარიშში ის 89-ე ადგილზე იყო.

„მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი“ აჩვენებს უზარმაზარ რყევებს, როცა მნიშვნელოვანი ზრდა და ვარდნა, თუ უპრეცედენტო ცვლილებები აღინიშნება, როგორიცაა ბრაზილიის 18 ადგილით დაწინაურება და სინეგალის 31-ადგილიანი დაქვეითება. ეს არასტაბილურობა მთელ რიგ ქვეყნებში ოფიციალური პირების მხრიდან გაზრდილი აგრესიისა და ჟურნალისტების მიმართ მტრული დამოკიდებულებითაა გამოწვეული, იქნება ეს სოციალურ მედიაში, თუ ფიზიკურ გარემოში. ცვლილებები ასევე უკავშირდება ყალბი შინაარსის შემცველი ინდუსტრიის ზრდას", - აცხადებს კრისტოფ დელორი, ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გენერალური მდივანი ანგარიშის შესავალ ნაწილში.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG