20 ივნისს გაერო ლტოლვილთა მსოფლიო დღეს აღნიშნავს. 65 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი და 22 მილიონნახევარი ლტოლვილი - მათმა უმეტესობამ საცხოვრებელი ადგილი ომისა და ძალადობის საფრთხის გამო დატოვა. მაშინ, როცა მსოფლიოში ყოველ წუთას დაახლოებით 20 ადამიანია იძულებული საცხოვრებელი სახლი დატოვოს, მათი საჭიროებები მშვიდობისმყოფელთა და უფლებადამცველთა მიერ შეგროვებული რესუსრსებს უფრო და უფრო მეტად აჭარბებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ დღეს უკვე 15 წელზე მეტია აღნიშნავს. დღეს კი განსაკუთრებული ყურადღება სწორედ იმაზე მახვილდება, რომ 2017 წელს მსოფლიო ამ დღეს ლტოლვილთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობით ხვდება.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა სირია სწორედ იმიტომ დატოვა, რომ ისინი იქ მიმდინარე ექვსწლიან სამოქალაქო ომში მონაწილე რომელიმე მხარის თავდასხმის ობიექტებად იქცნენ. განსაკუთრებული საფრთხე კი ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისგან ემუქრებოდათ, რომლებმაც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთზე დაამაყრეს კონტროლი. "ისლამური სახელმწიფო" ბოლო თვეების განმავლობაში ტერიტორიებსა და ძალას კარგავს, მაგრამ მათ, ვინც ტერორისტებს გამოექცა, არ სჯერათ, რომ დაბრუნებას შეძლებენ.
სირიელი ლტოლვილი, რომელიც ახლა ლიბანს აფარებს თავს, ამბობს, რომ სანამ უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მათი უკან დაბრუნება წარმოუდგენელია. "სად უნდა ვიცხოვროთ? სად ვიმუშაოთ? რა უნდა ქნან მათ, ვისაც დიდი ოჯახები ჰყავს? რისთვის დავბრუნდეთ უკან?" ამბობს ის ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად.
მის მსგავსად, გაეროს მიერ მართულ/ორგანიზებულ კარავ-ქალაქებში ცხოვრებას აგრძელებს და ელიან, როდის გამოჩნდება მათთვის "მესამე ქვეყანა" - ადგილი, სადაც გადაასახლებენ.
იორდანია, ქვეყანა, რომელშიც 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ახლა დაახლოებით 700 000 ლტოლვილისტვის იქცა თავშესაფრად. მათი დიდი ნაწილი ძალადობის მსხვერპლია. ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფი მათგან 50 ყველაზე მოწყვლადი ლტოლვილის ინტერესებს იცავს.
ჯეინი ფლემინგი, ლტოლვილთა დახმარების ერთ-ერთი პროექტის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ლტოლვილთა მდგომაროება შესაძლოა წლობით არ გაუმჯობესდეს:
"როგორც წესი, მე კლიენტებს ვეუბნები: ჩვენ დაგეხმარებით მანამ, სანამ თქვენ საკუთარი თავის დახმარება შეგეძლებათ. სანამ ფეხზე დადგბით და საკუთარ თავზე ზრუნვა შეგეძლებათ. და ეს კი შეიძლება გაგრძელდეს 10 წელს, ოც წელს. ან სულაც, მთელი ცხოვრება".
ლტოლვილებისთვის საარსებო წყარო საჯარო და კერძო შემოწირულობებია. თუმცა ლტოლვილთა რიცხვი ყოველდღე იზრდება, რესურსები კი უფრო და უფრო ნაკლებად ჰყოფნით.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა საერთაშორისო საზოგადოებას არაერთხელ მოუწოდა, რომ მეტი შეწირულობა გაიღონ ლტოლვილთა დასახმარებლად. ბოლოს კი, გაერომ რამდენიმე მუსლიმური ქვეყნის რელიგიური ლიდერის იმის ნებართვა მოიპოვა, რომ მათმა მოქალაქეებმა ლტოლვილთა პროგრამებს ფული შესწირონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნავთობით მდიდარი ზოგიერთი ისლამური ქვეყნიდან შესაძლოა გაჭირვებულთატვის საჭირო თანხების მოზიდვა დაიწყოს.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატის საინფორმაციო ოფიცერი ახლო აღმოსავლეთის საკითხებზში, მოჰამედ აბუ ასაკერი ამბობს, ეს პროგრამები სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, საგადასახადო შეზღუდვებისგან თავისუფალი იქნება. მაგალითად, თუკი სხვა დონაციებიდან ორგანიზაციის სასარგებლოდ 7%-იანი ადმინისტრაციული გადასახადის ჩამოჭრა ხდება, ეს თანხები სრულად და პირდაპირ გადაირიცხება ლტოლვილთა ფონდებში.
თუმცა მსოფლიოში, სადაც ყოველ წუთას დაახლოებით 20 ადამიანია იძულებული საცხოვრებელი სახლი დატოვოს კონფლიქტისა თუ დევნის გამო, მატერიალური დახმარების საჭიროება სულ უფრო და უფრო აჭარბებს არსებულ რესურსებს.
Facebook Forum