გაეროს მონაცემებით, ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების გამო დევნილთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია ისევ გრძელდება. ბრძოლა დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” ქალაქ მოსულის დაბრუნებისთვის ერთ თვეზე მეტია დაიწყო. დაჯგუფება ერაყის სიდიდით მეორე ქალაქს ორ წელზე მეტია აკონტროლებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულთა საერთო რაოდენობიდან, რაც 68 500-ს აღემატება, 14 ათასი დევნილი ერაყში მარტო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აღირიცხა. გაერო შიშობს, რომ მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში საბრძოლო ოპერაციების გადატანასთან ერთად, დევნილთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ერაყში მოქმედი ორგანიზაცია წითელი ნახევარმთვარის მონაცემებით, იძულებით გადაადგილებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 85 ათასს აღემატება.