ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ბედი ელით ლტოლვილებს?


დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო განკარგულებამ დევნილები, რომლებიც ამერიკას უნდა მიეღო, გაურკვევლობაში დატოვა. განკარგულება შვიდი ქვეყნიდან, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, იმიგრაციის და მოგზაურობის დროებით შეწყვეტას გულისხმობს.

ტრამპის თქმით, მისი განკარგულება ამერიკას ტერორიზმის საფრთხისგან იცავს, თუმცა მნიშვნელოვანია რა გავლენას მოახდენს ეს იმ დევნილებზე, რომლებიც ამერიკაში ჩასახლების მოლოდინში არიან.

სასოწარკვეთა ღია ზღვაში - ასეთია იმ დევნილების რეალობა, რომლებიც ცივ ღამეებში, უკეთესი მომავლის მოლოდინში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან იყინებიან. გასულ კვირას, იტალიის საზღვაო დაცვამ მსგავს სიტუაციაში მყოფი 1000-მდე ლტოლვილი გადაარჩინა.

მოგზაურობის და იმიგრაციისა გარდა, ტრამპის განკარგულებამ ასევე დროებით შეაჩერა დევნილების მიღება ახლო აღმოსავლეთიდან. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარის თქმით, ეს დაახლოებით 20,000 ლტოლვილზე მოახდენს გავლენას. ორგანიზაციის პრესმდივნის, კრისტოფერ ბოიანის თქმით, გაეროს სააგენტო ცდილობს უარყოფითი ეფექტების შემცირებას და პროგრამის შენარჩუნებას.

„ჩვენ ვფიქრობთ ამერიკის პროგრამა, რომელიც დღეს ძალაშია, უსაფრთხო და დაცულია. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ვიმუშავეთ ამერიკის მთავრობასთან და სხვა მთავრობებთან მისი გაუმჯობესებისთვის, რათა საუკეთესო ტექნიკა და ტექნოლოგიები დავნერგოთ და შემოწმების პროცესი გავაუმჯობესოთ,“ ამბობს ის.

ამერიკის საზღვრები ლტოლვილებისთვის დღეს დახურულია და სავარაუდოდ, დომინოს ეფექტით ეს პროცესი სხვა ქვეყნებზეც იმოქმედებს. ამის შესახებ იმიგრაციის ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი კატლინ ფარელი საუბრობს. ის მიიჩნევს, რომ ლტოლვილების მიღების საკითხის გარშემო დაძაბულობა სხვა ქვეყნებშიც გაიზრდება.

„თუ ერთი ქვეყანა გადაწყვეტს, რომ ისინი აღარ იღებენ ლტოლვილებს, სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც იგივე მოხდება. ეს შექმნის წნეხს, რომელიც ამ ქვეყნებს უბიძგებს იგივე ნაბიჯი გადადგან. ვფიქრობ ის ქვეყნები, სადაც ოჯახების ნაწილმა უკვე მოახერხა ჩასახლება, მაგრამ ოჯახის სხვა წევრების ჩასვლას ელოდებიან, დიდი წნეხის ქვეშ იქნებიან,“ ამბობს ფარელი.

პრეზიდენტ დოლანდ ტრამპის თქმით, მისი განკარგულება მიმართულია იმისკენ, რომ ამერიკა რადიკალი ისლამისტი ტერორისტებისგან დაიცვას და ახალმა ადმინისტრაციამ მათი შემოწმების უფრო მკაცრი პროცედურები შემოიღოს.

„მე ბევრი რამ გავიგე უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე და ტერორიზმი იმაზე უფრო დიდი საშიშროებაა, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში ფიქრობენ,“ ამბობს ტრამპი.

ტრამპის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, ევროკავშირი ახალ გეგმას განიხილავს, რომლითაც ორგანიზაცია მიგრაციის შეჩერებას გეგმავს. ბრიუსელი აპირებს 215 მილიონი დოლარის ინვესტიციას ლიბიის საზღვაო დაცვის სტრუქტურებში, რათა მათ მოახერხონ მიგრანტების ნავების და გემების უკან გაბრუნება.

XS
SM
MD
LG