ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი და ბრიტანეთი - ვინაა ამერიკის უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი?


გასული კვირის ბოლოს, სირიაზე საჰაერო თავდასხმის ოპერაციამ ევროპაში ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია. ბრიტანეთის ლიდერები უკმაყოფილონი არიან და ამბობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობს თავი ამერიკის უფრო მნიშვნელოვან, მტკიცე, სანდო და საჭირო პარტნიორად წარმოაჩინოს, ვიდრე ბრიტანეთია.

ბრიტანეთის მთავრობის წევრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას ახალგაზრდა ფრანგი ლიდერი გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ის ცდილობს ბრიტანეთის როლის და წვლილის უკანა პლანზე გადაწევით და დაჩრდილვით, ამერიკის პრეზიდენტს თავი უფრო მნიშვნელოვან, მთავარ ევროპელ პარტნიორად წარუდგინოს.

ბრიტანეთის ერთ-ერთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ისიც კი თქვა, რომ ემანუელ მაკრონი არც კი ფარვას, რომ ცდილობს ბრიტანეთს აჯობოს და ამერიკასთან "განსაკუთრებულ ურთიერთობაში" ბრიტანეთის ადგილი დაიკავოს. მისი თქმით, ამის დასტური იყო ისიც, რომ საფრანგეთმა ბრიტანეთთან შედარებით სირიაზე უფრო ძლიერი დარტყმა განახორციელა. ბრიტანულმა მხარემ კოორდინირებული თავდასხმისას 8 რაკეტა გამოიყენა, საფრანგეთმა კი 12. თუმცა ბრიტანელები ამბობენ, რომ ეს მათთვის "რიცხვებით თამაში სულაც არ იყო" და ფრანგულმა მხარემ მხოლოდ საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირება სცადა.

ამავე დროს, არც საფრანგეთის მთავრობის წევრები უარყოფენ, რომ პრეზიდენტ მაკრონს სურს ამერიკა მას კიდევ უფრო მნიშვნელოვან პარტნიორად ხედავდეს, ვიდრე აქამდე. ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მის ფრანგ კოლეგას საჰაერო თავდასხმის დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე ორჯერ ესაუბრა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ტერეზა მეისთან ექნებოდა მსგავსი საუბარი.

კონკურენცია ოფიციალურ პარიზსა და ლონდონს შორის ახლა კიდევ უფრო მეტად მოექცა ყურადღების ცენტრში, რადგან მაკრონი რამდენიმე დღეში ვაშინგტონს ეწვევა და არსებული ინფორმაციით, თეთრ სახლში სპეციალურ სახელმწიფო სადილიც გაიმართება მის პატივსაცემად.

ბრიტანეთისთვის კი ტრანსატლანტიკური პარტნიორობა - ამერიკასთან კავშირების გაღრმავება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმება მას, შესაძლოა, ევროპული კავშირის დატოვების შემდგომ პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმაროს.

ოფიციალური ლონდონი არ მალავს, რომ ე.წ. "ბრექსიტის" წარმატებით და ნაკლებად მტკივნეულად განხორციელებისთვის ამერიკასთან კავშირი არსებითად მნიშვნელოვანია.

საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტრამპისა და მაკრონის ურთიერთობა ჯორჯ ბუშისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის ურთიერთობას და მტკიცე პარტნიორობას ჰგავს. თავად მაკრონი კი ცდილობს ხაზი გაუსვას, რომ მას ამერიკის პრეზიდენტზე გარკვეული გავლენის მოხდენაც კი შეუძლია.

ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მაკრონმა თქვა, რომ სწორედ მან დაარწმუნა დონალდ ტრამპი, რომ სირიაზე საჰაერო თავდასხმის სამიზნე მხოლოდ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ქიმიური იარაღის განლაგების წერტილებით ყოფილიყო შემოფარგლული და არ მომხდარიყო თავდასხმა უფრო ფართო სამიზნეებზე, მათ შორის, დაზვერვის სხვა დაწესებულებებზე.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მაკრონი არ ამჟღავნებს ბევრი მისი წინამორბედის მსგავს ანტი-ამეირკანიზმს და პირიქით, სწორედ იმას ცდილობს, რომ "ტრამპის ტონი ბლერად" იქცეს. ტრამპი და მაკრონი გასულ წელს არაერთხელ შეხვდნენ, საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა ის არაერთხელ შეაქო და ერთ-ერთ "ტვიტში" დაწერა კიდეც, რომ "საფრანგეთი ამერიკის პირველი და უძველესი მოკავშირეა. და ამ ორი ქვეყნის კავშირს ვერასდროს ვერაფერი დაამარცხებს".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG