ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს საგანგებო სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე გაიმართა


ამერიკის ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი
ამერიკის ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი

ამერიკის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთს მიერ სირიაზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ მოსკოვმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. შეერთებული შტატების ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნიკი ჰეილიმ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა სირიის მთავრობაზე ზეწოლა შეინარჩუნოს.

“ლაპარაკის დრო წუხელ დამთავრდა... თუ სირიის მთავრობა ამ მომწამლავ გაზს კიდევ გამოიყენებს, შეერთებულ შტატებს [იარაღი] გადატენილი და მზად აქვს. როცა ჩვენი პრეზიდენტი წითელ ხაზს ავლებს, ჩვენი პრეზიდენტი ამ წითელ ხაზს იცავს.” ჰეილიმ ასევე დასძინა, რომ “ჩვენ მზად ვართ ეს ზეწოლა შევინარჩუნოთ იმ შემთხვევაში, თუ სირიის რეჟიმი ისეთი სულელია, რომ ჩვენი ნება გამოსცადოს.”

ჰეილიმ რუსეთი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა, რაც მისი თქმით, ბაშარ ალ ასადის წასახლისებაა გამოიყენოს ქიმიური იარაღი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.

რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ, თავის მხრივ, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები “ხულიგანიზმში” დაადანაშაულა და დასძინა, რომ 14 აპრილს სირიაზე მიტანილი იერიში “არალეგალური სამხედრო თავგადასავალი” იყო.

ნებენზიამ ამერიკის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ოპერაცია სირიის არაბული რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიად შეაფასა. მან ასევე გაიმეორე სირიის დაბომბვის შემდეგ კრემლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების ნაწილი.

კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებაში ნათქვამია, რომ “ეს აგრესია” განხორციელებული იქნა “გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატის გარეშე, გაეროს ქარტიისა და ნორმების, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით."

მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ “რუსეთი უმკაცრესი სიტყვებით გმობს სირიის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების პერსონალი ლეგიტიმურ მთავრობას კონტრ-ტერორიზმის ძალისხმევაში დახმარებას უწევენ.”

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა და თქვა, რომ “სირია დღეს წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. [...] კრიზისის გასადაჭრელად არ არსებობს სამხედრო გამოსავალი. გამოსავალი პოლიტიკური უნდა იყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG