შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში განხორციელებულ საჰაერო იერიში დამთავრებულად გამოაცხადა და თქვა, რომ “მისია შესრულებულია.”
დღეს დილას “ტვიტერზე” პრეზიდენტმა დაწერა, რომ წუხელ ეს იყო “უნაკლოდ განხორციელებული დარტყმა. მადლობა საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს მათი სიბრძნისა და მათი დიდებული სამხედრო ძალისთვის. ამაზე უკეთესი შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. მისია შესრულებულია!”
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სირიაზე, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე განხორციელებულ იერიშს, კრემლის ვებ გვერდზე განცხადებით გამოეხმაურა და სირიის ქიმიური შესაძლებლობების წინააღმდეგ ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ განხორციელებულ საჰაერო ოპერაციას “აგრესიული აქტი” უწოდა. პუტინმა ასევე დასძინა, რომ სირიის ოპერაცია “გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატის გარეშე, გაეროს ქარტიისა და ნორმების, და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით ჩატარდა.”
მოსკოვმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა დაბომბილი ლაბორატორიის ვიდეო გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის შემუშავება ხდებოდა. ამერიკის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიმართ დაუმორჩილებლობის დემონსტრირების მიზნით მან სამსახურში მისვლის ვიდეოც გამოაქვეყნა სათაურით “შეუდრეკელობის დილა.”
საინფორმაციო სააგენტო “როიტერსის” ინფორმაციით, დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სამხედრო ოპერაცია დამთავრებულია.
ამ დროისთვის ცნობილი არ არის მოჰყვა თუ არა იერიშს მსხვერპლი. დამასკოს მოკავშირეების ინფორმაცით, არტილერიის სავარაუდო სამიზნეებიდან ადამიანების ევაკუაცია წინასწარ მოხდა.
რუსეთის არმიის გენერალმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა, რომ სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დასავლეთის მიერ გაშვებული 71 რაკეტა ჩამოაგდეს. პენტაგონი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ იერიშამდე რუსეთთან “დე-კონფლიქტიზაციის” თაობაზე კომუნიკაცია ჰქონდა და ამერიკის შეიარაღებულ ძალებს არ აქვს არანაირი “ინდიკაცია იმისა, რომ ოპერაციის დროს რუსეთის სისტემები გამოყენებული იყო.”
სირიის ქიმიური შესაძლებლობების წინააღმდეგ მიტანილი იერიში, სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, დაახლეობით 20 წუთი გაგრძელდა. პენტაგონი აცხადებს, რომ ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ტერიტორიაზე დაახლოებით 150 რაკეტა გაუშვეს.
თეთრი სახლის მიერ დღეს დილას გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ რაკეტები “ყველა სამიზნეს წარმატებით მოხვდა” და რომ მოკავშირეებმა “ყველა ზომა მიიღეს” იმისთვის, რომ რაკეტებს მხოლოდ სამიზნეები გაენადგურებინა.
Facebook Forum