ოთხშაბათს, ჯანმოს ხელმძღვანელი მიესალმა ევროკავშირის წინადადებას, შედგეს მოლაპარაკებები პანდემიებისთვის მზადყოფნის გლობალური ხელშეკრულების თაობაზე. ჯანმო ამ ხელშეკრულებას, დაავადებების მომავალ აფეთქებებთან ბრძოლის საქმეში, ქვეყნების პოლიტიკური ვალდებულების გარანტიის გზად მიიჩნევს.
ტედროს ადანომ გებრეისუსმა თავისი მხარდაჭერა ჯანმოს მმართველ საბჭოში გამართული სამდღიანი მსჯელობის შემდეგ გამოთქვა, სადაც კორონავირუსის აფეთქებაზე ამ სააგენტოს თავდაპირველი რეაქცია გააკრიტიკეს. დამოუკიდებელი პანელის მიერ მომზადებულ ანგარიშში, ჩინეთს ბრალი ედება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მიღების დაყოვნებაში, ჯანმოს კი საგანგებო ვითარების გამოცხადებამდე ზედმეტად დიდი ხნით ლოდინში.
ჩარლზ მიშელმა, რომელიც ევროკავშირის ლიდერების უმაღლეს დონეზე შეხვედრებს თავმჯდომარეობს, გასულ თვეში წინადადება წამოაყენა, რომ ქვეყნებმა შეადგინონ ხელშეკრულება, რათა მათი ვალდებულებები მომავალი პანდემიების დასაწყისშივე ნათელი იყოს. ტედროსი მიშელს დეკემბერში შეხვდა.
ტედროსმა ხელშეკრულების შესახებ საბჭოს უთხრა: “ყოველმა ჩვენგანმა ნახა, თუ ეს პანდემია რამდენად უპრეცედენტოა და მასთან გასამკლავებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, ხელშეკრულება საუკეთესო რამაა, რის გაკეთებაც შეგვიძლია იმისთვის, რომ წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური ვალდებულება უზრუნველვყოთ.”
მან აღნიშნა, რომ ასეთი ხელშეკრულება, 2003 წელს მიღებული თამბაქოს კონტროლის პაქტის შემდეგ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში პირველი გლობალური შეთანხმება იქნება.
დიპლომატებმა თქვეს, რომ საბჭოს წინადადება არ შეუსწავლია და ნათელი არ იყო, მას რაიმე მყისიერი მხარდაჭერა თუ ჰქონდა.
Facebook Forum