ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოწვევები და პრობლემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში


კორონავირუსის მეორე ტალღის გააქტიურებასთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) დიდი წნეხის ქვეშაა. ორგანიზაციას რეფორმებისკენ მოუწოდებენ, თავად ჯანმო კი იმედოვნებს, რომ მას ამერიკის მხრიდან დაფინანსება დაუბრუნდება.

დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ივნისში დაფინანსება შეუწყვიტა, თუმცა, ახლა იმედოვნებენ, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, კვლავ აღადგენს ჯანმოს დაფინანსებას. ამისი პირობა ბაიდენმა არჩევამდე დადო და თქვა, რომ ტრამპის გადაწყვეტილებას შეცვლის. განცხადება ბაიდენის პირობასთან დაკავშირებით, ჯანმოს დირექტორმაც გააკეთა და თქვა, რომ ორგანიზაცია მიესალმება „ნებისმიერ და ყველა მცდელობას“ ჯანმოს გასაძლიერებელად „ხალხის სამსახურში ყოფნის სახელით“.

ფინანსური პრობლემების გარდა, ჯანმოს რეპუტაციისა და სანდოობის პრობლემებიც გაუჩნდა. ორგანიზაციას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ უფრო ქმედითი და მკაცრი ნაბიჯები არ გადადგა პანდემიის სამართავად. მაგალითად, პანდემიის ადრეულ ეტაპზე, ზოგიერთი მეცნიერი რამდენიმე ქვეყნის მიდგომას „ვირუსის შესწავლის უღბლო ლაბორატორიას“ უწოდებდა. თუმცა, გაეროს ჯანდაცვის სააგენტო, ხმამაღლა ხოტბას ასხამდა მთავრობებს მათი გადაწყვეტილებებისთვის.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დილემა, რომელიც ჯანმოს წინაშე დგას, ის არის, რომ ორგანიზაციას არ აქვს საშუალება, ძალა და ავტორიტეტი იმისა, რომ დამოუკიდებლად ჩაატაროს გამოძიება ქვეყნებში. ამის ნაცვლად, ეს ორგანიზაცია სცენის მიღმა საუბრებსა და წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთანამშრომლობას ეყრდნობა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ჯანმოს პოლიტიკა, არ გააკრიტიკოს და არ დაუპირისპირდეს მის წევრ ქვეყნებს, ძალიან ძვირად დაუჯდა მსოფლიოს. კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ჯანმო ხშირად ცდილობდა არ გაეკრიტიკებინა ისეთი დიდი დონორები, როგორიც იაპონია, საფრანგეთი და ბრიტანეთი არიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად უშვებდნენ შეცდომებს. ამის თქმის საშუალებას, ჯანმოს დოკუმენტები იძლევა, რომელმაც პრესაში გაჟონა და სააგენტო „ასოშიეთიდ პრესამდე“ მივიდა.

„ჩვენ გვჭირდება, რომ ჯანმო იყოს ძლიერი და გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ძალა, რათა დაასახელოს [დამნაშავეები] და შეარცხვინოს ისინი, ვინაიდან შედეგები გამანადგურებელია“, ამბობს სოფი ჰერმანი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი. „ეს მათი ესპანური გრიპის მომენტია....იმით, რომ არ საუბრობენ ქვეყნების მიერ არასწორ საქციელზე, ჯანმო საკუთარ ავტორიტეტს აყენებს ზიანს, მსოფლიო კი იწვის“, განმარტავს ჰერმანი.

თუმცა, არსებობს ხალხის ჯგუფი, ვინც არ ეთანხმება ჯანმოსგან ქვეყნების საჯარო კრიტიკას და ისინი თვლიან, რომ ეს პოლიტიკურად უგუნური საქციელი იქნება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ქვეყნები მეტ ძალაუფლებას მიანიჭებენ სააგენტოს და მისცემენ საშუალებას მეტად გააკონტოროლოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებები და ქმედებები.

ჯანმოს სპიკერი ფარა დახალლა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, „ჯანმოს ოფიციალურ პირებს ჰქონდათ და აგრძელებენ ღია დისკუსიას ქვეყნების მთავრობებთან“. დახალლა ამბობს: „ ჩვენ ვამაყობთ ორგანიზაციული კულტურით, რომელიც ხელს უწყობს გულწრფელ დისკუსიას სიცოცხლის გადასარჩენად“.

ჯანმოსთვის წევრი ქვეყნების გაკრიტიკება უპრენცენდენტო სულაც არაა. მაშინ, როდესაც SARS-ის პანდემიის დროს, ჩინეთი შემთხვევების რაოდენობას მალავდა, ჯანმო დაიმუქრა, რომ ოფისს ჩინეთში დახურავდა. ასე მოხდა 2003 წელსაც, როდესაც ნიგერიაში პოლიოს ვაქცინას ბოიკოტი გამოუცხადეს, მაშინაც ორგანიზაცია საკმაოდ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა. შარშან კი ტანზანია დაადანაშაულა იმაში, რომ საკმარისი ინფორმაცია არ გაუზიარა სხვა ქვეყნებს ებოლას პანდემიასთან დაკავშირებით.

ჯანმოს როლის გადახედვა პანდემიის დროს, მნიშვნელოვან ეტაპს დაემთხვა. ახლა, როდესაც ერთი ვაქცინა უკვე არსებობს, სააგენტოს ვალდებულებაა, რომ დაეხმაროს ქვეყნებს ვაქცინის შესყიდვაში. ასევე, მის გავრცელებასა და დროულ მიწოდებაში, განსაკუთრებით კი ეს ღარიბ ქვეყნებს ეხებათ.

ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის, ამერიკამ და რუსეთმა, უარი თქვეს ჯანმოს დახმარებაზე ვაქცინის გავრცელებასთან დაკავშირებით. თუმცა, კვირას, ჯანმოს წარმომადგენელმა თქვა, რომ ის იმედოვნებს, რომ ბაიდენის არჩევა, „კარს გაუღებს“ ამერიკის ჩართულობას.

მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ ჯანმოს როლსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მომავალი თვეების განმავლობაში ამ ორგანიზაციის როლი დიდი იქნება პანდემიის დაძლევასა და ვაქცინის გავრცელებაში. ჰერმანი, ლონდონის უნივერისტეტის პროფესორი, ამბობს, რომ ჯანმოს წამროუდგენლად დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში, ახლა კი ამ ორგანიზაციისთვის უფრო რთული დღეები და უფრო დიდი გამოწვევები იწყება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG