ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) კოვიდ-19-ის ვაქცინაციის არათანაბარ განაწილებაზე საუბრობს. მათი მონაცემებით, 23.5 მილიონი დოზიდან, 95 პროცენტი მსოფლიოს მხოლოდ 10 ქვეყანაშია ადმინისტრირებული.
ჰანს კლუგემ, ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების ეფექტურად შეჩერებისთვის, ვაქცინები მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის თანაბრად უნდა გადანაწილდეს. ხუთშაბათს, კოპენჰაგენში გამართულ ბრიფინგზე, კლუგემ თქვა, რომ გლობალური პანდემიის დასრულება ვერ მოხდება ერთობის გარეშე, რომელიმე ქვეყნის, ან საზოგადოებრივი ჯგუფის გამოტოვებით.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ჯანმოში, იჰორ პერეჰინეცი ვაქცინების თანაბარი დისტრიბუციის პერსპექტივას ოპტიმიზმით უყურებს. მისი თქმით, ვაქცინების მასშტაბი და ხელმისაწვდომობა "სწრაფი ტემპით" გაიზრდება და მიეწოდება არამარტო კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯგუფებს, არამედ ევროპის რეგიონის და მსოფლიოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს.
ამისთვის, კი ჰანს კლუგეს თქმით, აუცილებელია, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინების განაწილება კაცობრიობის "მთავარ ფასეულობებს" ეფუძნებოდეს. ესაა: სოლიდარობა, თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა. "ამ გაურკვეველ დროში, ეს ერთადერთი გამოსავალია, რადგან უსაფრთხოდ არავინაა, ვიდრე ყველა უსაფრთხოდ არ არის" - ამბობს ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პარტნიორ "კოვაქსთან" (COVAX) ერთად, დიდ მუშაობას ეწევა იმისთვის, რომ ვაქცინები თითოეულ ქვეყანას მიეწოდოს. "კოვაქსს", ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფართო მხარდაჭერით, უძღვებიან ეპიდემიური მზადყოფნის საერთაშორისო კოალიცია (CEPI) და გლობალური ჯანდაცვის ალიანსი (GAVI).
Facebook Forum