ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი კონგრესთან მოლაპარაკებას აგრძელებს


შეერთებული შტატების კონგრესის წამყვანი დემოკრატები და თეთრი სახლი დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან გამონახონ კომპრომისი და პანდემიით დაზარალებული ქვეყნისთვის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკება თითქმის ორი კვირაა გრძელდება, თუმცა უთანხმოებები მხარეების მიერ წარმოდგენილ ინიციატივებში კვლავ ნარჩუნდება, მათ შორის - დახმარების მთლიან მოცულობაზე, რაც ტრილიონობით დოლარში გამოიხატება.

"ჩვენ ისეთი შეთანხმების მიღწევას ვცდილობთ, რაც კარგია ამერიკის საზოგადოებისთვის და ამერიკელი მშრომელებისთვის" - განაცხადა შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა ოთხშაბათს, ორსაათიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ახლა თეთრი სახლის მთავარი მიზანია პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება სამუშაო კვირის დასასრულამდე შედგეს.

მოლაპარაკებაში სტივენ მნუჩინის გარდა მონაწილეობენ: თეთრი სახლის აპარატის უფროსი მარკ მედოუსი, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერი ნენსი პელოსი და სენატის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი ჩაკ შუმერი. პარალელურად, რესპუბლიკელი სენატორები, რომლებიც აღნიშნულ შეხვედრებს არ ესწრებიან, აცხადებენ, რომ შეთანხმება თუ პარასკევს არ შედგა, ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკება ფაქტობრივად ჩაიშალა.

დემოკრატების მიერ დომინირებულმა წარმომადგენელთა პალატამ 3 ტრილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა, 2 ტრილიონით მეტი, ვიდრე ეს სენატის რესპუბლიკელების დახმარების გეგმაშია განსაზღვრული. ამას გარდა, დემოკრატებს პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩენილი ამერიკელებისთვის კვირაში 600 დოლარის ოდენობის დახმარების გაგრძელება წლის ბოლომდე სურთ.

უმუშევრობის 600 დოლარის დახმარება ივლისის ბოლოს უკვე ამოიწურა. რესპუბლიკელები მის $200-ზე დაყვანას გეგმავენ. თუმცა, მზად არიან წავიდნენ დათმობაზე, რომ უმუშევრობის დახმარებამ სამსახურის დაკარგვამდე არსებული ხელფასის 70% შეადგინოს.

რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღეს გამართულ მოლაპარაკებაზე, საუბარი მცირე ბიზნესებისთვის საგადასახადო შეღავათებზეც იქნება. ამას გარდა, შეთანხმებამ საავადმყოფოების, სკოლების, შტატების და ადგილობრივი მთავრობის დახმარების პაკეტებიც უნდა მოიცვას. "მე მზად ვარ შეთანხმებისთვის, მაგრამ ის ამერიკელ ხალხსაც უნდა აწყობდეს" - ამბობს ნენსი პელოსი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG