"თუკი ეკონომიკური ინტერესები გადაფარავს მედიკოსების შეშფოთებას, ჩვენ ახალი ეპიდაფეთქებების რისკის ქვეშ ვიქნებით" - ასეთი იყო ექიმი ენტონი ფაუჩის მთავარი გზავნილი სენატორების შეკითხვებზე პასუხისას.
მართალია ამერიკის ეკონომიკა ეტაპობრივად იხსნება, მაგრამ ჯანდაცვის სპეციალისტები ამერიკის ხელისუფლებას ზომიერი და ფრთხილი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ. კვირის დასაწყისში, სენატის ჯანდაცვის კომიტეტის წინაშე ექიმი ენტონი ფაუჩი, ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ასევე ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი, ჯანდაცვის მდივნის თანაშემწე ბრეტ გაროირი და საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის კომისიონერი სტივენ ჰანი წარდგნენ.
ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეპიდაფეთქებაზე ამერიკას სრული კონტროლი აქვს.
„თუკი ზოგიერთ ქალაქში, შტატში თუ ტერიტორიაზე ჩვენ გამოვტოვებთ, გადავახტებით ამ ერთგვარ ნიშნულებს და ნაადრევად გავიხსნებით, ეფექტურად და ნაყოფიერად რეაგირების შესაძლებლობის გარეშე, ვშიშობ, რომ ვნახავთ [მონაცემების] სწრაფ, უეცარ ზრდას, რაც შეიძლება აფეთქებებად იქცეს“, - ამბობს ფაუჩი.
მაშინაც, კი, როდესაც ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ნაწილი შეზღუდვების შემსუბუქებას ქუჩის პროტესტით ითხოვს, ამერიკელ სენატორებსა და ჯანდაცვის ექსპერტებს ერთმანეთთან საუბარი ონლაინ რეჟიმში მოუხდათ, რადგან ეს უკანასკნელნი ინფიცირებულ ადამიანებთან შესაძლო კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში არიან.
უკიდურესად პოლარიზებული დებატები ქვეყნის მიერ პანდემიასთან ბრძოლის პროცესის შესახებ, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, ნიღბის ტარების თაობაზე განსხვავებაშიც გამოიხატა.
„სახლში განუსაზღვრელი ვადით დარჩენა პანდემიისგან გამოსავალი არ არის. ეკონომიკის დახურვის გამო, დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საკმარისი თანხები არ არსებობს. სამსახურში თუ სკოლაში დაბრუნების გზა ტესტირებაზე, კონტაქტების კვლევაზე, იზოლაციაზე, მკურნალობასა და ვაქცინებზე გადის“, - ამბობს ლამარ ალექსანდერი, რესპუბლიკელი სენატორი.
პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა ტესტირების მხრივ სხვა ქვეყნებს აჯობა, თუმცა კანონმდებლები კონკრეტული ციფრების თუ შესაძლებლობების შესახებ პასუხების მოსმენას კვლავ ჯანდაცვის ექსპერტებისგან ცდილობდნენ.
„მაგალითად სექტემბრისთვის, - განვითარების, ავტორიზაციის, წარმოების და მომარაგების გათვალისწინებით - ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ქვეყანაში იმის საშუალება იქნება, რომ თვეში სულ მცირე 40-50 მილიონი ტესტი ჩატარდეს“, - განაცხადა ბრეტ ჯირომ, ჯანდაცვის მდივნის თანაშემწემ.
მართალია ამერიკის ეკონომიკა იხსნება, მაგრამ ზიანის შემცირება რთული იქნება. უმუშევრობის მაჩვენებლები პრაქტიკულად ბოლო ასი წლის მანძილზე, ყველაზე უარესია, თუმცა რესპუბლიკელი სენატორები კონგრესს დახმარების ახალი პაკეტის მიღებამდე სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მიჩ მაკკონელი ამბობს, რომ ჯერჯერობით იმ ზომების და ფინანსური დახმარების ეფექტურობის შეფასებაა საჭირო, რაც უკვე გატარდა.
თუმცა, დემოკრატები ფიქრობენ, რომ ამერიკის ეკონომიკის აღსადგენად და ამჟამად მომუშავეების დასახმარებლადაც ახალი, ნაღდი ფულის კიდევ ერთი ნაკადია საჭირო.
„ჩვენ მასშტაბურად, ფართოდ უნდა ვიფიქროთ ახლა ადამიანებზე, რადგან თუ ამას არ გავაკეთებთ, ეს მოგვიანებით ადამიანთა სიცოცხლისა და ცხოვრების ხარისხის ფასად დაგვიჯდება. უმოქმედობა - ეს ყველაზე ძვირადღირებული კურსია", - მიიჩნევს ნენსი პელოსი,
წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერი
პალატის მიერ შემუშავებული 3 ტრილიონი დოლარის მოცულობის პაკეტი სავარაუდოდ რესპუბლიკური უმრავლესობის მქონე სენატის თანხმობას ვერ მოიპოვებს.
Facebook Forum