ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიკვდილობა ამერიკაში უფრო მაღალია, ვიდრე ამას ანგარიშები აჩვენებს - ექიმი ფაუჩი


ექიმ ფაუჩის მოსმენა სენატის სხდომაზე
ექიმ ფაუჩის მოსმენა სენატის სხდომაზე

დიდი ალბათობით, შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ვიდრე ამას ანგარიშები ამბობს - აცხადებს ექიმი ენტონი ფაუჩი. თეთრი სახლის წამყვანი ექსპერტი კოვიდ-19-თან ბრძოლაში ამერიკის შტატებს აფრთხილებს, ზედმეტად არ იჩქარონ კარანტინის მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება.

ეს განცხადება ექიმმა ფაუჩიმ სენატის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე სამშაბათს გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ამჟამად 14-დღიან კარანტინში იმყოფება და სხდომას დისტანციურად დაესწრო.

სენატის ჯანდაცვის, განათლების, მშრომელთა და პენსიების კომიტეტი კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ფაქტებს იძიებს. სენატორებს ზოგადად აინტერესებთ მთავრობის რეაგირება პანდემიაზე და კონკრეტულად - გამოთქმული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ სტატისტიკური მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს და ნიუ-იორკში კორონავირუსით სახლში გარდაცვლილი ადამიანები მასში არ არიან აღრიცხული.

ექიმმა ფაუჩიმ დაადასტურა, რომ მსგავსი რამ ნიუ-იორკში დიდი ალბათობით ხდება და ის ამაში დარწმუნებულია. თუმცა, თავი შეიკავა სპეკულაციებისგან, როცა მას დაუსვეს კითხვა, თუ რამდენად დიდ რიცხვზეა საუბარი.

ფაუჩი ასევე საუბრობს პანდემიის მეორე ტალღაზე. "სავსებით დასაშვებია", რომ კოვიდ-19 სექტემბერ-ნოემბერში კიდე უფრო უარესი იყოს ქვეყნისთვის. მაგრამ, ამასთან ერთად, ექიმი გამოთქვამს იმედს, რომ ქვეყანა მას უფრო მომზადებული შეხვდება და უკეთ გაუმკლავდება.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდების შემდეგ, თანდათან აემუშავებინათ ქვეყნის ეკონომიკა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, 50 შტატის გუბერნატორებმა მაღაზიების, რესტორნების და სხვა ბიზნესების გახსნა დაიწყო. ისინი მოსახლეობას სიფრთხილეს და სოციალური დისტანცირების ზომების დაცვასაც სთხოვენ.

ექიმი ენტონი ფაუჩი გუბერნატორებს აფრთხილებს: "არსებობს რეალური რისკი, რომ თქვენ [პანდემიის] ისეთი აფეთქება გამოიწვიოთ, რომლის გაკონტროლებასაც ვეღარ შეძლებთ". ექიმი შტატების ადგილობრივ მთავრობას მოუწოდებს, მიჰყვნენ თეთრი სახლის მიერ რეკომენდებულ, ეკონომიკის განახლების სამფაზიან გეგმას, რომელიც არსებულ რისკებზეა გათვლილი.

რაც შეეხება ვაქცინების განვითარებას, ექიმ ფაუჩის თქმით, შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსის 8 ვაქცინა შეიმუშავეს. თუ ეს საქმე წარმატებით დასრულდა, "იმედი გვაქვს, რომ ამის შესახებ გვიან შემოდგომაზე, ან ზამთრის დასაწყისში შევიტყობთ". ფაუჩიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ვაქცინა ვერ მოუსწრებს მილიონობით სკოლის მოსწავლეს და კოლეჯის სტუდენტს.

ტესტირების მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, სენატორებმა ჯანდაცვის ოფიციალური პირები არასაკმარისი ტესტების გამო გააკრიტიკეს. სენატის კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ ამერიკა ერთ სულ მოსახლეზე გაკეთებული ანალიზებით, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშიც კი არ შედის.

ექიმ ფაუჩის გარდა, სენატში ჯანდაცვის სხვა ოფიციალურ პირებსაც მოუსმინეს. მათ შორის იყვნენ ასევე კარანტინში მყოფი: ექიმი რობერტ რედფილდი - შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორი, სტივენ ჰანი - აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ჯანდაცვის დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG