ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი დემოკრატებს მაიკლ პეკის დაბლოკვაში ადანაშაულებს


მაიკლ პეკი
მაიკლ პეკი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესის დემოკრატებს აკრიტიკებს და კანონმდებლებს ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი აყოვნებენ პრეზიდენტ ტრამპის ნომინანტის დამტკიცების პროცესს. საუბარია კინოდოკუმენტალისტ მაიკლ პეკზე, რომელიც შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს მეთაურის პოსტზეა წარდგენილი. სააგენტოს ქუდის ქვეშ, სხვა საერთაშორისო მაუწყებლებთან ერთად, "რადიო თავისუფლება" და "ამერიკის ხმაც" ერთიანდება.

კონგრესში პეკის კანდიდატურის განხილვა გასულ ხუთშაბათს უნდა განახლებულიყო, მაგრამ ისევ გადაიდო. მიზეზად კანონმდებლები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ არაკომერციული ორგანიზაციის საქმეს, რომელსაც პეკი უძღვება, კოლუმბიის ოლქის გენერალური პროკურორის ოფისი იძიებს. გამომძიებლებს კითხვები აქვთ ორგანიზაციის ფინანსურ და საგადასახადო საქმიანობასთან დაკავშირებით.

"ამერიკა კიდევ ერთხელ გახდა მოწმე კვალიფიციური და უნარიანი ნომინანტის მიზანში ამოღების და მის წინააღმდეგ აგორებული ჩირქის ცხების უიმედო კამპანიის, რომლის მიზანიც პოლიტიკური მოტივებით სრულიად განსაკუთრებული ადამიანის შეურაცხყოფა და მისი რეპუტაციის შელახვაა" - უთხრა "ამერიკის ხმას" თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯუდ დირმა.

პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი კვლავ მაიკლ პეკის გვერდში დგას. ჯუდ დირის თქმით, ტრამპი იმედგაცრუებულია, მაგრამ არ უკვირს, რომ "არაფრისმაქნისმა დემოკრატებმა" კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს, "საჯარო მოსამსახურის სუფთა წარსულისთვის პოლიტიკური ტალახი ესროლათ".

პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ტრამპმა პეკის საქმესთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი არ გასცა. სანაცვლოდ, მან "ამერიკის ხმის" კრიტიკა არჩია და თქვა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელები საპირისპირო საქმეს აკეთებენ და "ამერიკის ხმას" მართავენ " საშინელი გზით".

"ამერიკის ხმის" დირექტორმა ამანდა ბენეტმა დაიცვა ამერიკის ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსებული ახალი ამბების სააგენტოს მისია და მუშაობის სტილი. "ჩვენ მთელი მსოფლიოს გარშემო კონსტიტუციის პირველი შესწორების ექსპორტს ვეწევით იმ ხალხისთვის, ვისაც სხვა გზით ფაქტობრივ, სიმართლით სავსე და დამაჯერებელ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება" - განაცხადა ბენეტმა. "ამიტომაცაა, რომ 47 ენაზე 60-ზე მეტ ქვეყანაში, 280-მილიონიან აუდიტორიაში, 80%-ზე მეტი თვლის, რომ ჩვენი საქიანობა სანდოა".

ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), ჯამში 5 მაუწყებელს ზედამხედველობს. ესენია: "ამერიკის ხმა" (VOA), "რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლება"(RFE/RL), "კუბის მაუწყებლობის ოფისი" (OCB), "რადიო თავისუფალი აზია" (RFA) და "ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელი" (MBN).

Facebook Forum

XS
SM
MD
LG