ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის კანდიდატი ამბობს, რომ სამთავრობო მედიების დამოუკიდებლობა გარანტირებული იქნება


შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის პოზიციაზე წარდგენილი მაიკლ პეკი სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წინაშე ჩვენებით წარსდგა. პეკი ამ თანმდებობაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ნომინირებული პირველი კანდიდატია. მან სენატორების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის, იმაზე მოახდენს თუ არა მისი დანიშვნა გავლენას „ამერიკის ხმაზე“, რომელიც USAGM-ის ნაწილია.

სენატორებს აინტერესებდათ დარჩება თუ არა „ამერიკის ხმა“ ობიექტურ მედია საშუალებად, რომლის დამოუკიდებლობაც და მიუკერძოებლობა კანონითაა განსაზღვრული და დაცული.

„მთლიანად სააგენტო დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რომ ჟურნალისტები დამოუკიდებლები არიან, რომ არავითარი პოლიტიკური გავლენა მათ არ ეუბნება როგორ გააშუქონ ახლი ამბები და რა თქვან. ამ ნდობის გარეშე, ვფიქრობ სააგენტოს დისკრედიტაცია მოხდება“, თქვა მაიკლ პეკმა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო მაუწყებლობის მმართველის პოზიციაზე პირველად 16 თვის წინ წარადგინეს.

პეკმა სენატორებს უთხრა, რომ როგორც სააგენტოს მთავარი აღმასრულებელი პირი ის ორგანიზაციის სამოქმედო ეფექტურობას და თანამშრომლების კმაყოფილების გაზრდის საკითხს უპირატესობას მიანიჭებს. ის ასევე ეცდება ეთიკური სკანდალების პრევენციასაც, რომლებსაც ორგანიზაციის სანდოობის შერყევა შეუძლია.

ბოლო და ყველაზე გახმაურებული სკანდალი ამერიკის საერთაშორისო მაუწყებლობის შემადგენლობაში მყოფ ტელევიზია „მარტის“ ეხებოდა. ჟურნალისტმა ნიკარაგუიდან სიუჟეტის მომზადების დროს აფეთქების იმიტაცია გააკეთა და ის, როგორც ნამდვილი ამბავი ისე გააშუქა.

გარდა ამისა, „ამერიკის ხმის“ რამდენიმე სერვისის ჟურნალისტებისგან დაფიქსირდა ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დარღვევის შემთხვევები.

2015 წელს, თანამდებობაზე დანიშნვიდან მალევე, ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ჯონ ლენსინგმა „ამერიკის ხმის“ დირექტორად ამანდა ბენეტი დანიშნა. ის მანამდე წამყვან პოზიციებზე მუშაობდა „ბლუმბერგის“ ახალი ამბების ნიუსრუმსა და „ვოლ სტრიტ ჯორნალში“.

ჯონ ლენსინგი სექტემბრის ბოლოს აპირებს გადადგომას. ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას წარდგენილი კანდიდატურა იყო და ამ თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობს. ლენსინგი ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოში (NPR) პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ოფიცრის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.

მაიკლ პეკი დოკუმენტური კინოს რეჟისორია. მან კალიფორნიაში, კლარმონტის უნივერსიტეტი დაამთავრა. 2002 წელს ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ეროვნულ საბჭოში აიყვანა. 1990-იანი წლების დასაწყისში ის სამთავრობო ტელევიზია WorldNet ხელმძღვანელობდა, რომელიც მოგვიანებით „ამერიკის ხმის“ ნაწილი გახდა.

ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს ბიუჯეტი 628 მილიონი დოლარია. ის აერთიანებს სამთავრობო მედიებს, რომლებიც 100-ზე მეტ ქვეყანაში მაუწყებლობენ და დაახლოებით, 345 მილიონ ადამიანს აწვდენენ ხმას.

USAGM-ის შემადგენლობაში შედის: „ამერიკის ხმა“, რომელიც 40-ზე

მეტ ენაზე მაუწყებლობს მსოფლიოს მასშტაბით. ასევე, "რადიო თავისუფლება ევროპა/რადიო თავისუფლება" და "რადიო თავისუფლება აზია"; რადიო და ტელევიზია „მარტი“, რომელიც კუბაზე მაუწყებლობს; არაბულ ენოვანი ტელევიზია „ალჰურა“ და რადიო „სავა“.

„ამერიკის ხმის“ სარედაქციო დამოუკიდებლობა და ობიექტურობა 1976 წელს „საერთაშორისო მაუწყებლობის აქტით“ განისაზღვრა. ის იცავს ჟურნალისტებს ნებისმიერი პოლიტიკური ზეწოლისაგან და უზრუნველყოფს მათთვის თავისუფალი, მაღალი პროფესიული სტანდარტებით მუშაობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG