ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტელევიზია "მარტის" ჟურნალისტის "ყალბი ახალი ამბავი"


შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტო იძიებს ბრალდებას იმის თაობაზე, რომ „ტვ-მარტიმ“ ნიკარაგუიდან ტელერეპორტაჟის დროს, ნაღმმტყორცნით თავდასხმის იმიტაცია მოაწყო. მაუწყებლობა "ტვ-მარტი" ობიექტურ ახალ ამბებს კუბის მიმართულებით ავრცელებს.

ყალბი ახალი ამბების გავრცელების ბრალდება „ტვ-მარტის" ჟურნალისტს თომას რეგალადოს (უმცროსი) აქვს წაყენებული. ის კუბის მიმართულებით მაუწყებლობის დირექტორის უფროსის -თომას რეგალადოს (უფროსი)- შვილია.

მაუწყებლობის ხელმძღვანელმა ჟურნალისტური სტანდარტების და პრაქტიკის ამაღლება პრიორიტეტად მას შემდეგ აქცია, რაც მთავრობის მიერ დაფინანსებულმა მაუწყებელმა ანტისემიტური შინაარსის მასალა გადასცა ეთერში. ლიბერალ ფილანტროპ ჯორჯ სოროსს, მაშინ „მოქნილი მორალის ურწმუნო ებრაელი“ უწოდეს.

ესპანურენოვანმა ინტერნეტ მედია საშუალებებმა, „კიბერ კუბამ" და „კუბანოს პორ ელ მუნდომ" კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს 2018 წლის ნოემბრის „მარტის“ რეპორტაჟის დამაჯერებლობა, სადაც ნაჩვენებია რეგალადო უმცროსი, რომელსაც ნიკარაგუის დედაქალაქ მანაგუას ქუჩიდან რეპორტაჟი მიჰყავს და პირდაპირ კადრში, მის უკან მცირე აფეთქება ხდება.

კუბის ამ დამოუკიდებელმა მედია ვებგვერდებმა მოიპოვეს ვიდეომასალა, რომელიც როგორც ჩანს, აჩვენებს, რომ თავდასხმა დადგმული იყო, რათა მაყურებლისთვის შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტს თავს ესხმოდნენ.

შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტომ გამოძიება დაიწყო და ამ პერიოდისთვის, რეგალადო უმცროსს და საეჭვო მასალის გადამღებ ოპერატორ როდოლფო ჰერნანდესს უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ.

სააგენტოს მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ჯონ ლენსინგმა, ელექტრონული ფოსტით გავრცელებულ შეტყობინებაში აღნიშნა, რომ ის „სააგენტოს ნებისმიერ ქსელში პროფესიული ჟურნალისტური სტანდარტის თითოეულ დარღვევას სერიოზულად ეკიდება“. მან ასევე აღნიშნა, რომ სააგენტოს „ყველა ქსელისგან მოელის მათ რეპორტაჟებში სიმართლის, ობიექტურობის და პასუხისმგებლობის პრინციპების ერთგულებას.“

„ტვ-მარტის“ რადიო და ტელე მაუწყებლობას, სახელმწიფო დეპარტამენტი და კონგრესის გამოძიებები დიდი ხანია აბრალებს ცუდი ხარისხის ჟურნალისტიკას და პროპაგანდას.

ჟურნალისტური ეთიკის სხვა სერიოზული დარღვევები სააგენტოში ადრეც მოხდა. ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს თანამდებობაზე მყოფმა პირმა, თითქმის 40 ათასი დოლარის ოდენობის სამთავრობო თანხის მიტაცებაში აღიარა ბრალი, რასაც სასტუმროს და ტაქსის ქვითრების გაყალბებით აკეთებდა და სააგენტოს თავისი პირადი მგზავრობის ხარჯებს ახდევინებდა.

ჯონ ლენსინგი და „ამერიკის ხმის“ დირექტორი ამანდა ბენეტი თანამდებობაზე ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დანიშნა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობისთვის კონსერვატორი კინორეჟისორი მაიკლ პეკი შეარჩია, მაგრამ მის კანდიდატურას ჯერ კენჭი სენატმა უნდა უყაროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG