ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლინდერმანი საქართველოში ვიზიტის შედეგებს აჯამებს


ლარა ლინდერმანი
ლარა ლინდერმანი

ამერიკის ხმა საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტებზე ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელს ლარა ლინდერმანს ესაუბრა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ამერიკის ხმა საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტებზე ატლანტიკური საბჭოს დინუ პატრიციუს ევრაზიის ცენტრის დირექტორის მოადგილეს-ლარა ლინდერმანს ესაუბრა.

ამერიკის ხმა: ქალბატონო ლარა, თქვენ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმოგზაურეთ. რა იყო ამ ტურნეს მთავარი ამოცანა და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით? როგორ აფასებთ საქართველოს ახალი მთავრობის მუშაობას?

" მე საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან -დეიმონ ვილსონთან ერთად ჩავედი თბილისში, შევხვდით მთავრობის ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ვიზიტმა, შევიტყვეთ რეფორმების შესახებ, რომლებსაც მთავრობა სხვადასხვა სფეროში ახორციელებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო თავდაცვის სფეროში მიმდინარე ინიციატივები. მიმდინაროებს ძალიან აქტიური პოლიტიკური ცხოვრება. მთავრობა, ჩემი აზრით, კარგად მუშაობს. ყველა შეხვედრა იყო პოზიტიური და ძალიან მიხარია ამის თქმა.

ამერიკის ხმა: ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ილაპარაკა რა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე თქვა, რომ მაპ-ს საქართველოს 2014 წელს გადასცემენ. რამდენად რეალისტურია ასეთი ვარაუდი და რას ნიშნავს ეს მორიგი ეტაპი საქართველოსთვის?

"ძალიან სწორია, რომ ქვეყანას ასეთი მიზანი აქვს, კერძოდ ის რომ 2014 წლის ნატოს სამიტზე მან მაპის მიღება შეძლოს. ცოტა ხნის წინ ჩვენ შევიტყვეთ ამერიკის სახელმწიფო მდივნის-ჯონ კერის განცხადება, როცა მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა ამერიკის ინტერესი და მზაობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდასაჭერად.
როგორც მოგეხსენებათ, მაპის მინიჭება საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობისაა და ეს მართლაც იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით. შესაბამისად, ეს არც ადვილად არის შესაძლებელი და მას დიდი მუშაობა სჭირდება. ჩვენთან საუბარში ასეთივე აზრი გამოთქვეს საქართველოს თავდაცვისა და ევროინტეგრაციის მინისტრებმა. მოხარული ვარ, რომ 2014 წლამდე პრემიერ მინისტრიც იზიარებს ამ სტრატეგიულ ამოცანას. წინასწარ არაფრის პროგნოზირება არ შეიძლება, თუმცა [მაპი] საქართველოსთვის რეალური შესაძლებლობაა."

ამერიკის ხმა: რა მოლოდინი გაქვთ საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრებთან დაკავშირებით? რას ფიქრობთ ამ მოლაპარაკებებზე დღემდე? უნდა ველოდოთ თუ არა რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის გაყვანის გახმაურებული თემა ამ მოლაპარაკებების ფორმატში მოექცევა პრაღის შეხვედრაზე?

"ზოგადად, ტონის შერბილება და ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება ნამდვილად კარგად იქნება აღქმული ევროპელი და ამერიკელი ლიდერების მიერ, რომლებიც შეშფოთებული იყვნენ საქართველოს წინა ხელისუფლების კონფრონტაციული რიტორიკით. რკინიგზის თემა ალბათ განხილული იქნება საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების მომავალ შეხვედრაზე, თუმცა არ მგონია, რომ რკინიგზის საკითხი ახლო მომავლის პროექტია."

ამერიკის ხმა: ახლოვდება სოჭის ოლიმპიური თამაშები. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე გამოაცხადა, რომ ქართველ სპორსტმენებს მიავლენს ასპარეზობებში მონაწილეობის მისაღებად. თქვე რას იტყოდით საფრთხეებზე რომელიც სოჭის თამაშებს ახლავს?

"მეც ვუჭერ მხარს საქართველოს მონაწილეობის გეგმას. ამ პროცესში ჩართვით, საქართველოს შეუძლია საერთაშორისო არენაზე მხარდაჭერა მოიპოვოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღიარების მიზნით, ასევე ამით საქართველო იმუშავებს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რათა რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს აფხაზეთში საერთაშორისო ძალების დაშვების მიზნით, და ბოლოს-სოჭის ოლიმპიადაში ჩართვით და არა გვერდზე დგომით- საქართველო ტერორიზმის საფრთხის შემსუბუქებაში გაიღებს დახმარებას."

ამერიკის ხმა: „ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო ანგარიშში საქართველომ რეიტინგი აქტიური პოლიტიკური ცხოვრების შედეგად გაიუმჯობესა. ახლა, როგორ შეაფასებთ იმ სამოქმედო ველს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე თანდათან ყალიბდება? როგორი უნდა იყოს საარჩევნო კამპანია, მედიის მდგომარეობა, პოლიტიკური მრავალფეროვნება ?

"სამოქმედო ველი ახლა გაუმჯობესებულია. ამაში იგულისხმება ძლიერი მთავრობა, რომელსაც ხალხის მანდატი აქვს. არსებობს კრიტიკულად განწყობილი ძლიერი ოპოზიცია. მედია აქტიური და მრავალფეროვანია. სიტუაცია ლაპარაკობს იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ძალიან ფერადოვანი, და დებატებით აღსავსე [ფონი] იქნება. სწორედ ამის ნახვა იქნება სასურველი. "

ამერიკის ხმა: საპრეზიდენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, როგორ ხედავთ ქართული სახელმწიფოს მთავარ გამოწვევებს?

"უახლეს გამოწვევად ადგილობრივ თვითმართველობებში შექმნილი სიტუაციის გადაწყვეტა რჩება.
ინტენსიურად მიმდინარეობს სასამართლო რეფორმა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესის მონიტორინგს. სასამართლოს დამოუკიდებლობას და კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანი სფეროებია და ბოლო პერიოდში, სწორედ მართლმსაჯულება გამოიკვეთა პრობლემურ სფეროდ. აქ რეფორმების პროცესი უნდა შენარჩუნდეს.
მედიამ უნდა გააგრძელოს აქტიური მონიტორინგი იმისა თუ რა ხდება. დღესდღეობით, ეს ძალიან ცოცხალი არენაა და გამოითქმება სხვადასხვა მოსაზრებები.
და ბოლოს, საქართველომ უნდა გააგრძელოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს იყო ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმის კომპონენტი როცა „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა. მთლიანად, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება უნდა მოხდეს, ისე რომ ეს პროცესიც მოექცევა ჩვენი ყურადღების ცენტრში. "
XS
SM
MD
LG