ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში სახ.დეპის ანგარიშს განიხილავენ


მოხელეების მიერ პატიმართა და დროებით დაკავებულთა უფლებების დარღვევა განიხილება .

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ ანგარიშში ყურადღება საქართველოში არსებულ რიგ პრობლემებზე გამახვილდა. ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა სახელმწიფო მოხელეების მიერ პატიმართა და დროებით დაკავებულთა უფლებების დარღვევა, სტანდარტებთან სახიფათოდ შეუსაბამო პირობები საპატიმროებში და ხარვეზები კანონის უზენაესობის კუთხით. "2011 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ სხვა პრობლემებს შორის იყო სამართალდამცავთა მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, 26 მაისს, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიტიკური ოპოზიციის წევრთა დაშინებას. კვლავ ვრცელდება ინფორმაცია დევნილი მოსახლეობის განსახლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე” - ნათქვამია ანგარიშში.

პოლიტოლოგი გია სიამაშვილი ამბობს:

"პრინციპში ამ პრობლემებზე ყოველთვის არის საუბარი. დასავლეთი და აშშ განსაკუთრებით. ყოველთვის გვესმოდა, კრიტიკა ყოველთვის ისმოდა ხელისუფლების მიმართ. ყოველთვის იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ვართ (როგორც გვიწოდეს) ჰიბრიდული დემოკრატია და ამ ჰიბრიდულ დემოკრატიიდან უნდა გადავიდეთ სრულ დემოკრატიაზე. ჰიბრუდულობა იმასაც გულისხმობს, რომ ”რაღაცაში წარმატებას მიაღწიეთ, რომ კავკასიაში ხართ შუქურა” შედარებით მეზობლებთან, შედარებით მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება. არსებობს ოპოზიციური არხები, ოპოზიციური პრესა, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ახლა უნდა წახვიდეთ წინ. ის მინუსები თუ ნაკლოვანებები, რომლებიც ახასიათებს პოლიტიკურ სისტემას, თუ გინდათ რომ განვითარდეთ და დააახლოვდეთ დასავლეთთან და აშშ-თან.. ხომ ვიცით, რომ დასავლეთი და აშშ, ზოგადად ეს არის ღირებულებათა სისტემა. შესაბამისად ისინიც გღებულობენ შენ თავის სამეზობლოში თუ სამეგობროში იმ შემთხვევაში, თუ შენი პოლიტიკური სისტემა და შენი საშინაო პოლიტიკა პასუხობს იმ სტანდარტებს, რომელიც გავრცელებული და დამკვიდრებულია დასავლეთში. მთავარი პირობაც ეს იყო ნატოში გაწევრიანების შესახებ, რომ აქ არ არის მარტო კონფლიქტების პრობლემა, არამედ ეს არის პრობლება ასევე შიდა პოლიტიკური მოწყობის, შიდა პოლიტიკური დემოკრატიის ზოგადად. ადამიანის უფლებების, იმ ღირებულებების, რომლებში დემოკრატია მოიაზრება. თუ მიაღწევთ ამას, ჩვენ მხარში დაგიდგებით რაც დაგეხმარებათ თუნდაც ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტაში.”

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით, დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა. მისი თქმით, ვაშინგტონის წუხილს იწვევს გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროების შესახებ:

"აშშ-ი მიიჩნევს, რომ ქართული დემოკრატია საჭიროებს მაქსიმალურად შესაძლებელ კონკურენტულ გარემოს მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთის”. ელჩის თქმით, აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარება მიმართულია საარჩევნო რეფორმის მხარდასაჭერად, მათ შორის კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, სადამკვირებლო ორგანიზაციების გასაძლიერებლად. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ რა მოხდება არჩევნების დღეს, არამედ ასევე არჩევნების წინა თვეებში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე.”

აღსანიშნავია, რომ ვიდეომიმართვა ელჩმა 25 მაისს გამოქვეყნა. როგორც ცნობილია, 26-27 მაისს, ოპოზიციის წარმოდგენლებს აქციების ჩატარება აქვთ დაგეგმილი. პოლიტოლოგის, გია სიამაშვილის, კომენტარს მოვუსმინოთ:

"ალბათ, ესეც ნიშანდობლივია. ვფიქრობ, რომ შემთხვევითი არ არის ეს. რადგან უნდა ვიცოდეთ, შესაძლოა აშშ-ის ან ევროპის ქვეყნების კვლევით ცენტრებში უფრო კარგად იციან ვითარება საქართველოში, ვიდრე რიგითმა ქართველმა, ადამიანმა, რომელიც არ არის ამ წრეებთან დაახლოვებული, ანუ, ჩართულობა ნაკლები აქვს პოლიტიკურ მოვლენებში. შესაბამისად ისინიც ყურადღებით აკვირდებიან როგორ განვითარდება ეს პროცესები, რამდენად გამოიჩენს ხელისუფლება შემწყნარებლობას, ტოლერანტობას ოპოზიციის მიმართ და რამდენად დაიცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, რომელსაც რიტორიკის დონეზე აღიარებს ჩვენი ხელისუფლებაც. შესაბამისად ეს, ალბათ, შემთხვევითი არ არის, ეს არის ერთგვარი ტესტი დემოკრატიაზე (საიუბილეო დღეებში, როგორც 26 მაისია). როგორ მოაგვარებს ხელისუფლება და რამდენად ცივილიზებულად შეძლებს საპროტესტო მუხტის , მიტინგის თუ მანიფესტაციის მიღებას და დამოკიდებულებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოვლენ ქუჩაში.”

რაც შეეხება პროგრესს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2011 წელს საქართველომ მიაღწია საერთაშორისო სტანდარტებით ციხეების აგებას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებას და კანონის მიღებას, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად სხვა რელიგიური ჯგუფების სპექტრს სამართლებრივი სტატუსი მიანიჭა.

XS
SM
MD
LG