ამერიკის შეერტებული შტატები ავღანელი ხალხის დახმარებას გააგრძელებს. ჰუმანიტარული მიზნებისთვის ვაშინგტონი 144 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფას გეგმავს.
შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის ემილი ჰორნის განცხადებით, ავღანელი ხალხი ამერიკის დახმარებას დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით მიიღებს. ამ გზით ვაშინგტონი ცდილობს, რთულ ვითარებაში მყოფ ავღანელ ხალხს დახმარება ისე გაუწიოს, რომ ის თალიბების ხელში არ მოხვდეს.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ამერიკელმა სამხედროებმა ქაბული დატოვეს და ქვეყანაში თალიბანი დაბრუნდა, ავღანეთში მძიმე სოციალურ ეკონომიკური ვითარებაა, რის გამოც ბევრი შიმშილობს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ავღანეთში 18.4 მილიონზე მეტი ადამიანია სოციალურად დაუცველი.
„ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ჰუმანიტარული დახმარების გაცემას და იმ ადამიანების დახმარებას, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ,“- ამბობს ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ემილი ჰორნი.
მისი განცხადებით, წლის ბოლომდე ჰუმანიტარული დახმარება 474 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზრდება, რაც ავღანელ ხალხს მოახლოებული ზამთრის გადაგორებაში დაეხმარება.
ის, რომ ავღანეთში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა თალიბანიც აღიარებს. ავღანეთის ახლანდელი მმართველობა სექტემბრის დასაწყისში აცხადებდა, რომ ქვეყანში მშვიდობას უზრუნველყოფდა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მიიზიდავდა. თალიბანის წარმომადგენლებმა ღიად მიმართეს ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის და ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებაზე ისაუბრეს. თუმცა, ვაშინგტონი ამ დრომდე თალიბანს როგორც ხელისუფლებას არ აღიარებს.
დასავლეთში თალიბანს მოუწოდებენ დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის - ქალთა უფლებები, რომლებსაც ამ დრომდე სწავლის და მუშაობის საშუალება არ ეძლევათ.
Facebook Forum