ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკეინი სირიაში არასაფრენ ზონას მოითხოვს


ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტების იგნორირება აღარ შეიძლება - აცხადებენ ამერიკელი კანონმდებლები

თეთრი სახლის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, მათი ინფორმაციით, სამოქალაქო ომში ქიმიურ იარაღს იყენებს, ამერიკელი კანონმდებლების დიდი აღშფოთება მოჰყვა. საუბარია ამბოხებულთა წინააღმდეგ ნერვული პრეპარატის, ზარინის ხმარებაზე. ზარინი ძლიერ ქიმიურ იარაღს წარმოადგენს, რომლის საშუალებით მოკლე დროში ათასობით ადამიანის დაავადება და დაღუპვაა შესაძლებელი.

ტელეარხზე „ენ-ბი-სი“ რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაკეინმა ამერიკის მთავრობას სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

სირიელი ამბოხებულების და დევნილების დახმარებასთან ერთად საერთაშორისო ძალები მზად უნდა იყოს ქვეყანაში შევიდეს და იქ ქიმიური და სავარაუდოდ ბიოლოგიური იარაღის მარაგის დაცვა განახორციელოს. სირიაში ქიმიური იარაღის მთელი რიგი ფარული საწყობებია. დაუშვებელია, რომ ის ჯიჰადისტების ხელში მოხვდეს“ - აცხადებს სენატორი მაკეინი.

გადაცემაში „პრესასთან შეხვედრა“ ის კიდევ უფრო შორს წავიდა და სირიაში არასაფრენი ზონის დაწესება მოითხოვა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ მას გაეროსგანაც ჭირდება იმის დადასტურება, რომ ქიმიური იარაღი ნამდვილად იქნა გამოყენებული. პრეზიდენტმა ობამამ ეს ქმედება ე.წ. „წითელი ხაზის“ გადაკვეთად დაახასიათა, რამაც შესაძლოა შეერთებული შტატებისგან საპასუხო რეაქცია გამოიწვიოს. სენატორი მაკეინი პრეზიდენტის ადმინისტრაციის არასწორ პოზიციაზე საუბრობს, რომლის გამო სირიაში სისხლისღვრის შეჩერება ვერ მოხერხდა.

„პრეზიდენტმა ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით წითელი ხაზი გაავლო. ამით მან ბაშარ ალ-ასადს პრაქტიკულად მწვანე შუქი აუნთო იმისთვის, რომ სხვა ყველაფერი გამოიყენოს. მათ შორის სარაკეტო იერიში, საჰაერო თუ საზღვაო დაბომბვები, მასობრივი სიკვდილით დასჯა და ასე შემდეგ. სისასტიკემ სირიაში არნახულ ზღვარს მიაღწია“ - აღნიშნავს მაკეინი.

შეერთებული შტატები სირიის ოპოზიციას ე.წ. არალეტალურ, ანუ არამომაკვდინებელ დახმარებას აწვდის. ობამას ადმინისტრაცია სირიაში სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია და თვლის, რომ პრეზიდენტ ასადის მმართველობა ამერიკის ჩარევის გარეშეც დასრულდება. თუმცა, ობამას ადმინისტრაციას ამ საკითხში ბევრი დემოკრატი კანონმდებელიც კი არ ეთანხმება. კონგრესმენ კეიტ ელისონს მიაჩნია, რომ შეერთებულ შტატებს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია.

„მჯერა, რომ შეერთებულ შტატებს უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულების უნარი აქვს, თუნდაც ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევის მიზნით. დევნილთა უზარმაზარი ნაკადია იორდანიაში და ლიბანში. კიდევ უფრო მეტი - შიგნით სირიაში. ასობით ათასი ადამიანის ტანჯვის პირობებში, არა მგონია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ზესახელმწიფოს, როგორიც შეერთებული შტატებია, მათ დასახმარებლად მეტი აღარაფრის გაკეთება შეუძლია“ - აღნიშნავს დემოკრატი კანონმდებელი.

რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტერ კინგი აცხადებს, რომ სირიამ წითელ ხაზად წოდებული აკრძალული ზღვარი უკვე გადაკვეთა. ამიტომ შეერთებული შტატები ვალდებულია „რაიმე იღონოს“. კანონმდებლების ერთი ნაწილი სირიის სამოქალაქო ომში ამერიკის სამხედრო ჩარევას მოითხოვს. მითუმეტეს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება საფრთხეს არამარტო სირიის მოსახლეობისთვის შეიცავს, არამედ მეზობელი ქვეყნების, მათ შორის ისრაელისთვისაც. ჯერჯერობით პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, შეიცვლება თუ არა რადიკალურად სირიის კონფლიქტის მიმართ არსებული პოლიტიკა.
XS
SM
MD
LG