ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ საგანგებო ვითარება ძალაში დატოვა


ვაშინგტონმა 19 ივლისს კვლავ ძალაში დატოვა 2020 წლის იანვარში გამოცხადებული საგანგებო ვითარება, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიას უკავშირდება. განკარგულებას, რომელიც ძალაში დღეს შევიდა, ხელს ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის მდივანი ხავიერ ბესერა აწერს.

საგანგებო ვითარების მნიშვნელობა

თეთრი სახლი აქამდეც მიანიშნებდა, რომ დეკლარაციის გახანგრძლივებას გეგმავდა. საქმე იმაშია, რომ საგანგებო ვითარების გამოცხადება ქვეყნის ჯანდაცვას საშუალებას აძლევს მედიკამენტები, ტესტერები, თუ ვაქცინები საგანგებო ავტორიზაციის საფუძველზე დაამტკიცოს. ამას გარდა, ვითარების მოსაგვარებლად შესაძლებელი ხდება გარკვეული ფედერალური სახსრების გამოყენება, რომელიც ჩვეულებრივ სიტუაციაში ჯანდაცვისთვის ხელმისაწვდომი არ არის. მთავრობას შეუძლია ვითარების მოგვარების მიზნით საქმეში სამხედრო ძალებიც კი ჩართოს და ა.შ.

კოვიდ-19-თან დაკავშირებული საგანგებო ვითარების დეკლარაციის განახლება ამერიკაში ბოლო 16 თვის მანძილზე უკვე მეხუთედ ხდება. ბოლოს ის 15 აპრილს განახლდა. კანონის ძალის მქონე დეკლარაციის ვადა მხოლოდ 90 დღით არის განსაზღვრული და მას ვადა ეწურებოდა.

ამ ეტაპზე შეერთებული შტატების ჯანდაცვას კიდევ ერთი მიმართულებით აქვს საგანგებო ვითარება გამოცხადებული. ესაა დეკლარაცია, რომელიც ოპიოიდური მედიკამენტების ფართო გამოყენებით შექმნილ კრიზისზე საპასუხოდ გამოიცა. ბოლოს მისი განახლება 7 ივლისს მოხდა.

როდის დასრულდება საგანგებო ვითარება

ვაქცინაციის წყალობით, ვირუსი ამერიკაში დღეს გაცილებით უკეთ კონტროლდება. სიტუაცია გაუმჯობესების გზაზეა და ცხოვრება თანდათან ნორმალურ რიტმს უბრუნდება. უმეტეს შტატში ნიღბებს აღარ ითხოვენ, ბევრგან სპორტული ღონისძიებები და კონცერტები მაყურებლების დასწრებით იმართება. გახსნილია რესტორნები, კაფეები, ბარები. თუმცა, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ზუსტად იმ დღეს, როცა ბრიტანეთმა „თავისუფლების დღე“ გამოაცხადა და კარანტინის ზომები მთლიანად მოხსნა, ამერიკაში საგანგებო ვითარება გახანგრძლივდა.

როგორ შეიძლება იმის განსაზღვრა, რომ კოვიდ-19 ამერიკაში დასრულდა და მის გამო შექმნილი საგანგებო ვითარებაც საჭირო აღარ არის? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ ეტაპზე არ არსებობს და არც ზუსტი საზომებია, რომელიც სპეციალისტებს დასკვნის გაკეთებაში დაეხმარება. მითუმეტეს, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად და ზოგჯერ დრამატულადაც იცვლება.

ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე მომუშავე სპეციალისტები საკითხის განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევიან. ისინი მხოლოდ ერთ რამეზე თანხმდებიან, რომ კრიზისი არც შეერთებულ შტატებში და არც გლობალურად ჯერ არ ამოწურულა. ის არ დასრულებულა იგივე ბრიტანეთშიც, სადაც ორშაბათს ე.წ. თავისუფლების დღე აღნიშნეს. ინფიცირება გლობალურად კვლავ აღმავლობის გზაზეა, უმეტესად - კორონავირუსის დელტა ვარიანტის წყალობით, რომელიც პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს.

აშშ: სიტუაცია ციფრებში

პანდემიის სტატისტიკურ მონაცემებს რომ გადავხედოთ, შეერთებულ შტატებში სიკვდილობის მონაცემებში წლის დასაწყისთან შედარებით, მკვეთრი გაუმჯობესება ფიქსირდება. ამ წლის იანვარში, მაგალითად, 14 იანვარს კოვიდ-19-ის გართულებებით ქვეყანაში 4 327 ადამიანი გარდაიცვალა. იმავე კვირაში სიკვდილობის საშუალო მაჩვენებელმა 3 299 შეადგინა.

ეპიდემიოლოგებმა მაშინ მორიგი პიკი მადლიერების დღის და შობა-ახალი წლის არდადეგებს დააბრალეს, რომელთა გამოც ინფიცირება მკვეთრად გაიზარდა. დღესასწაულებამდე სიკვდილობის დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 700 იყო.

ახლა, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის 16 ივლისის მონაცემებით, სიკვდილობის საშუალო მაჩვენებელი ბოლო კვირაში 211 იყო. ოღონდ, თუ წინა კვირებს შევადარებთ, მაშინ სიკვდილობის მონაცემში ზრდა ფიქსირდება, რადგან გასულ კვირას საშუალო მაჩვენებელი 167 იყო.

ინფიცირების მხრივ ზრდა ბოლო დროს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა. საშუალო დღიურმა მაჩვენებელმა ბოლო კვირაში 26 306 შეადგინა, რაც 69.3%-იან ზრდაზე მიუთითებს. შედარებისთვის, გასულ კვირაში ახლადინფიცირებულთა რიცხვი 13, 541 იყო. გაიზარდა ტესტებში პოზიტიური პასუხების პროცენტული რაოდენობაც, რაც ინფიცირების გაცილებით მნიშვნელოვან ინდიკატორად ითვლება. ბოლო კვირაში მან 4% შეადგინა, მაშინ როცა წინა კვირაში 2.8% იყო. 35.8%-ით გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი (2 794 - ამ კვირაში და 2 058 - წინა კვირაში).

ეპიდემიოლოგები ზრდას ზაფხულის არდადეგებს და რეგულაციების შემსუბუქებას უკავშირებენ. მაგრამ, მათი მოლოდინი იანვართან შედარებით, ახლა განსხვავებულია: ვაქცინაციის წყალობით, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მაჩვენებელი პროცენტულადაც და რაოდენობრივადაც ნაკლები იქნება, წლის დასაწყისთან შედარებით.

15 ივლისის მონაცემებით, ამერიკაში ადმინისტრირებულია კოვიდ-19-ის ვაქცინის 336.1 მილიონი დოზა. მოსახლეობის 55.8% ერთი დოზით მაინცაა აცრილი, 48.3% კი სრულად აცრილია.

გლობალური პანდემიის დასასრული

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. თუკი დაავადების გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით შეწყდება და ის მხოლოდ ლოკალურად ზოგ ქვეყანაში გაგრძელდება, პანდემია დასრულებულად ჩაითვლება და ის ეპიდემიად იქცევა.

პანდემიას საერთაშორისო კანონმდებლობაში ფორმალური სახე არ აქვს. ფორმალური მნიშვნელობა ენიჭება ჯანდაცვაში საგანგებო ვითარების გამოცხადებას. მისი სახელია: საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის შექმნილი საერთაშორისო მნიშვნელობის საფრთხე (Public Health Emergency of International Concern, PHEIC). ჯანმომ ახალი კორონავირუსი ამგვარ საფრთხედ პანდემიამდე თვენახევრით ადრე, 30 იანვარს გამოაცხადა. ეს ჯანდაცვაში საერთაშორისო დონეზე ყველაზე მაღალი დონის განგაშის ზარად ითვლება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტი ყოველ 3 თვეში იკრიბება, რათა განსაზღვროს, უნდა გამოაცხადოს თუ არა გლობალურად საგანგებო მდგომარეობა ამა თუ იმ აფეთქების გამო. თუკი ჯანმო ჩათვლის, რომ კოვიდ-19 აღარ არის პანდემია, ამას ისევე გამოაცხადებს, როგორც ეს გასულ ზაფხულს გააკეთა, აფრიკაში ებოლას აფეთქებასთან დაკავშირებით. თუმცა, ჯერჯერობით, კოვიდ-19-ის ინფექციის მონაცემების გლობალურად ზრდის ფონზე, ამის მოლოდინი მსოფლიოში ნაკლებად აქვთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG