ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში აცრებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა


პარიზი ბასტილიის დღეს, 14 ივლისი
პარიზი ბასტილიის დღეს, 14 ივლისი

ასობით ათასი ადამიანი მიაწყდა საფრანგეთში ვაქცინაციის ცენტრებს. დაახლოებით 1.7 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა კოვიდ-19-ის აცრაზე ორშაბათიდან სამშაბათამდე, სულ 24 საათის განმავლობაში.

მოთხოვნა იმუნიზაციაზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების შესაკავებლად, აუცრელ მოქალაქეებზე შეზღუდვები გავრცელდება. სამშაბათს ვაქცინა რეკორდულად ბევრმა, 793 000-მდე ადამიანმა გაიკეთა. ივნისში საშუალო მაჩვენებელი დღეში დაახლოებით ნახევარი მილიონი აცრა იყო.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კვირის დასაწყისში დაპირდა ფრანგებს, რომ ვაქცინაცია ამ ეტაპზე სავალდებულო არ გახდება, მაგრამ იქვე გაუსვა ხასი იმ გარემოებას, რომ აუცრელ ადამიანებს გარკვეული შეზღუდვები შეეხებათ. კოვიდ-19-ზე აცრა სავალდებულო გახდა ჯანდაცვის მუშაკებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ 15 სექტემბრიდან პრობლემები შეექმნებათ.

საფრანგეთში მოსახლეობის დაახლოებით 53%-ს აქვს კოვიდ-19-ის ვაქცინის ერთი დოზა მიღებული. სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 37%.

რაც შეეხება შეზღუდვებს, აუცრელი ადამიანები ვერ დაესწრებიან დიდი მასშტაბის ღონისძიებებს, ვერ შევლენ რესტორნებში, კინოში და თეატრებში. ვაქცინაციას აგვისტოდან დიდ მანძილზე ფრენის დროსაც მოითხოვენ, რაც ტურისტული სეზონის სამზადისში მყოფი ფრანგებისთვის ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საფრანგეთში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, კორონავირუსის დელტა ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები სწრაფად იზრდება. ახალი რისკების პირისპირ მსოფლიოს ბევრმა სახელმწიფომ გადახედა ვაქცინაციის სტრატეგიას და გაამკაცრა მოთხოვნები. ივნისში ახლადინფიცირების დღიური მაჩვენებელი საფრანგეთში 2 ათასი იყო, ახლა კი 4 ათასს აღწევს. ამასთან, ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 5 დღეში ორმაგდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG