ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა ტაივანის სრუტეს გადაუფრინა


ამერიკის საზღვაო ძალების P-8A "პოსეიდონმა" ტაივანის სრუტეს გადაუფრინა. განცხადებას ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ავრცელებს. მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპატრულო და სადაზვერვო თვითმფრინავმა ფრენისას საერთაშორისო საჰაერო სივრცე გამოიყენა.

მეშვიდე ფლოტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები მოქმედებენ მხოლოდ იქ, სადაც ეს საერთაშორისო წესებით არის დაშვებული.

„თვითმფრინავის [გადაფრენა] ტაივანის სრუტეში აჩვენებს შეერთებული შტატების ერთგულებას თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის მიმართ. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაფრინავენ, ცურავენ და მოქმედებენ ყველგან იქ, სადაც საერთაშორისო სამართალი ამის საშუალებას იძლევა“, - წერია მეშვიდე ფლოტის განცხადებაში.

სრუტე, რომელიც ჩინეთსა და ტაივანს შორის არსებობს, 160 კილომეტრის სიგანისაა და ის საერთაშორისო ტერიტორიაა, ჩინეთი კი მას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, იქ მიმდინარე პროცესებს კი მისი სუვერენიტეტის გამოწვევად. რაც შეეხება ტაივანს, ოფიციალური პეკინი კუნძულს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს და იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში კუნძულზე კონტროლს ძალის გამოყენებით აღიდგენს, მიუხედავად იმისა, რომ კუნძულის უსაფრთხოებას მხარს ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს.

ამერიკული თვითმფრინავი ტაივანის სრუტეში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ამერიკისა და ჩინეთის თავდაცვის დეპარტამენტების მეთაურები ერთმანეთს ესაუბრნენ. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და ჩინეთის თავდაცვის მინისტრ დონგ იუნს შორის სატელეფონო საუბრის მიზანი რეგიონში ვითარების გაუმჯობესება და დაძაბულობის შემცირება იყო.

ორი მინისტრის სატელეფონო ზარი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები მანამდე ერთმანეთს ბოლოს 2022 წლის ნოემბერში შეხვდნენ. კომუნიკაცია ორი ქვეყნის თავდაცვის პირველ პირებს შორის 2022 წლის აგვისტოში მას შემდეგ შეჩერდა, რაც ტაივანში ამერიკის წარმომადგენელთა სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტი გაიმართა.

არსებობს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თუმცა ვიზიტის დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

ტაივანის სრუტეში ამერიკული თვითმფრინავის გამოჩენას ოფიციალური პეკინიდან რეაქცია ჯერჯერობით არ მოჰყოლია. თუმცა წარსულში მსგავსი საკითხების შესახებ პეკინი უკიდურესად კრიტიკული იყო, ჩინეთმა ამ მიზნით სრუტეში თავდაცვის ზომები გააძლიერა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG