ამერიკის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ძალაში უნდა დატოვოს "დაკას" სახელით ცნობილი აქტი, რომელიც დეპორტაციისგან იცავს 700 000-მდე ახალგაზრდას. ისინი ამერიკაში ადრეულ ასაკში ჩამოიყვანეს და მათ ხშირად „მეოცნებეებსაც“ უწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი აქტიურად ცდილობდა ამ პროგრამის გაუქმებას, მოსამართლე ჯონ ბეითსმა არათუ მისი გაუქმება ცნო უკანონოდ, არამედ ქვეყნის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დაავალდებულა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ახალი განაცხადები მიიღოს.
ამ დრომდე მოქმედი ნორმატიული აქტი 2012 წელს ამოქმედდა. ლეგალური დოკუმენტების არმქონე იმ იმიგრანტებს, რომლებიც ამერიკაში ბავშვობაში ჩამოიყვანეს და ამერიკულ საგანამანათლებლო დაწესებულებებში სწავლობდნენ, ასევე არ იყვნენ ნასამართლევნი, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნება დართო ქვეყანაში დარჩენილიყვნენ.
დონალდ ტრამპმა კი გასულ წელს კონგრესს მარტამდე მისცა ვადა იმისთვის, რომ "დაკას" პროგრამას არსებული სახით აღარ ემოქმედა. თუმცა კონგრესს ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაუდგამს.
Facebook Forum