ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„უფრო მღელვარე დრო მოდის“ - ამერიკის დაზვერვის ახალი სტრატეგია


დენ ქოუთსი, აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი
დენ ქოუთსი, აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი

შეერთებული შტატების დაზვერვის სააგენტოები შემდეგი ოთხი წლის სამუშაო სტრატეგიას სახავენ. ისინი მოელიან, რომ სამყარო კიდევ უფრო ქაოტური გახდება. მოსალოდნელია დასავლეთის დასუსტება მისი ლიდერობით მოქმედ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგში. მუდმივად და სწრაფად განახლებადი ტექნოლოგიების ფონზე, საქმეს კიდევ უფრო ართულებს გაურკვევლობა დაფინანსების საკითხებში.

ამერიკის დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ოთხწლიანი გეგმის პრეზენტაცია სამშაბათს გაიმართა. დოკუმენტში საუბარია წინა სტრატეგიასთან შედარებით, „ფუნდამენტურ“ გაუმჯობესებაზე. თუმცა, ისიც ხაზგასმულია, რომ მათ წინაშეა „მნიშვნელოვანი გამოწვევები როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ გარემოში... ამ არასტაბილურ და რთულ სტრატეგიულ გარემოში, საქმე სხვაგვარად უნდა გაკეთდეს“.

გამჭვირვალობა, „სიმართლის თქმა“

განსხვავებებს შორის, დაზვერვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა დენ ქოუთსმა სხვა სააგენტოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, დაასახელა მეტი გამჭვირვალობა და „სიმართლის თქმის“ აუცილებლობა. "ჩვენ უნდა დავარწმუნოთ კანონმდებლები და ამერიკელი ხალხი, რომ ჩვენი ნდობა შეიძლება, იმ სტრესების მიუხედავად, რომელიც დღევანდელ გარემოში გამუდმებით მეორდება" - თქვა მან.

სტრესებზე საუბრისას, დენ ქოუთსმა გამოყო "მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წყობის დასუსტება" და თქვა, რომ დასავლეთში სახეზეა "მზარდი იზოლაციონალისტური ტენდენციები". დაზვერვის ყოფილი თანამშრომლები ამ ყველაფერში, უმთავრესად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ. ისინი ტრამპს ბრალს სდებენ ისეთ მტრულად განწყობილ ლიდერებთან დაახლოებაში, როგორიცაა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. თუმცა, იქვე საკუთარ მოკავშირეებსაც აკრიტიკებენ.

ამერიკული დაზვერვა შიშობს, რომ მსოფლიო წყობაში დასავლეთის დასუსტება, მოსალოდნელი არასტაბილურობის მხოლოდ ერთი ნაწილია. სხვა გამოწვევებს შორის ისინი ასევე ასახელებენ თანამედროვე, მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, უახლესი ტიპის შეიარაღებას, რაც მტრულად განწყობილ ქვეყნებს დამატებით ძლიერებას მატებს. დაზვერვის წარმომადგენლები აქ ძირითადად რუსეთის და ჩინეთის დაწინაურებას გულისხმობენ.

კიბერ სივრცე და კოსმოსური სივრცე

რუსეთი და ჩინეთი არამარტო კიბერსივრცეში ახალი ტექნოლოგიებით მიღწეულ წარმატებებს ჯერდებიან, არამედ კოსმოსურ სივრცეშიც სერიოზულ წარმატებებს აღწევენ. ამ სივრცეში ათეული წლების მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატები დომინირებდა.

დაზვერვის სააგენტოების წარმომადგენლებს მაგალითად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ რუსეთი და ჩინეთი ანტი-სატელიტური შეიარაღების ვრცელ დიაპაზონზე მუშაობენ, რასაც ამერიკის დაზვერვის შესაძლებლობების და ინფორმაციის შეგროვების შეზღუდვის პოტენციალი აქვს.

ცალკე პრობლემაა ბიოტექნოლოგია და ნანოტექნოლოგია, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და შიარაღებაში ამ სფეროების ჩართვაც არის მოსალოდნელი. ამასთან, არამარტო რუსეთის და ჩინეთის მხრიდან, არამედ ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა ირანი, ან ჩრდილოეთ კორეა.

ინდივიდებს და მცირე ჯგუფებს დღეს გაცილებით დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლიათ, ვიდრე უწინ, იქნება ეს პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, თუ იდეოლოგიური საფრთხე. ეს კი ახალი სტრატეგიის მიხედვით, ტრადიციული ინსტიტუტების საქმიანობას ძირს უთხრის და მათი მუშაობის სტილის შეცვლას მოითხოვს. არ არის გამორიცხული, ახალი ალიანსები შეიქმნას. მაგალითად, გაერთიანდეს რუსეთი და ჩინეთი - აცხადებენ ისინი.

ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ამერიკული დაზვერვის სააგენტოებს მიაჩნიათ, რომ უნდა განმტკიცდეს კავშირი და ურთიერთთანამშრომლობა ტრადიციულ პარტნიორებთან და კერძო სექტორთან - თქვა დენ ქოუთსმა. კერძო სექტორის მეტ აქტიურობაზე დაზვერვის სააგენტოების სხვა წარმომადგენლებმაც ისაუბრეს.

ინფორმაციის გაცვლა

სამომავლო სტრატეგიებს შორის ინფორმაციის მეტი გაცვლაც სახელდება. კერძოდ - "კიბერსაფრთხეების შემცველი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას ეხება". საუბარი იყო იმ გამოწვევებზეც, რასაც დაზვერვის სააგენტოებს გლობალური მიგრაციის და კლიმატური ცვლილებების ზრდა უქმნის.

ახალი სტრატეგიის გეგმის ავტორები მოელიან, რომ საზოგადოების დანაწევრება მომავალშიც გაიზრდება, რაც რადიკალიზაციის საფრთხეებს გაზრდის. დოკუმენტის პრეზენტაცია ამერიკის მთავრობის ნაწილობრივი დახურვის ფონზე გაიმართა, რამაც ვაშინგტონში კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პარტიული დაპირისპირებების სიმწვავე და ბიუჯეტთან დაკავშირებით, კონსენსუსის არარსებობა. მართალია, დაზვერვის წამყვანი სააგენტოები სექტემბრის ბოლომდე უკვე დაფინანსებული არიან, მაგრამ სტრატეგიული გეგმის ავტორები შიშობენ, რომ არასტაბილური ბიუჯეტი კვალს მათი საქმიანობის ხარისხსაც დაატყობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG