რუსეთის სასამართლომ დღეს უარი თქვა ამერიკის და ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე, პოლ უელანის თავდებით გაშვებაზე. ის ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული. მოსკოვი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, თუ რა ტიპის ჯაშუშურ საქმიანობაზეა საუბარი.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) 48 წლის პოლ უელანი გასული წლის ბოლოს, 28 დეკემბერს აიყვანა. ამერიკაში მცხოვრები მისი ოჯახი, რომელმაც უელანის დაკავების თაობაზე რუსეთის მედიიდან შეიტყო, აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა.
ოჯახის ცნობით, უელანი ყოფილი საზღვაო ქვეითია. ის ავტო-ნაწილების მომმარაგებელ ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი იყო და რუსეთში მეგობრის ქორწილში დასასწრებად ჩავიდა.
ვრცელდება სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ რუსეთმა უელანი შესაძლოა ვაშინგტონზე ზეწოლის გამო აიყვანა, რათა ის მოგვიანებით რუს ჯაშუშ, მარია ბუტინაში გაიცვალოს. ბუტინამ, რომელიც შეერთებულ შტატებშია დაკავებული, უცხოეთის აგენტობის ბრალდება უკვე აღიარა. კრემლი უელანის ამ მოტივით დაკავების ვერსიას უარყოფს.
Facebook Forum