ჯაშუშობაში ბრალდებულმა რუსეთის მოქალაქემ მარია ბუტინამ პროკურორებთან ორშაბათს გაფორმებული გარიგებით, ბრალი აღიარა. ბრალდების მიხედვით, მას შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის წრეებში ჩანერგვა და მოსკოვისთვის ინფორმაციის მიწოდება ევალებოდა.
30 წლის ბუტინა ივლისის შემდეგ დაკავებულია. ვაშინგტონის სასამართლოში მისი საქმის მოსმენა ხვალ, 12 დეკემბერს არის დანიშნული. ბუტინას ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმე გახსნილი და დასრულებულია. დანაშაულის სხვა დეტალები ჯერჯერობით საჯაროდ ცნობილი არ არის.
გამოძიების მასალების მიხედვით, ბუტინა ფარული აგენტია, რომელიც რუსეთის მთავრობის დავალებით, შეერთებულ შტატებში თავისი საქმიანობით კანონს არღვევდა. ის ამერიკულ პოლიტიკაზე დიდი გავლენის მქონე, იარაღის ფლობის ყველაზე ცნობილ ორგანიზაციაში ჩანერგეს, რათა რესპუბლიკურ პარტიას დაწინაურებაში დახმარებოდა.
იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუს ქალს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ აქტივისტ პოლ ერიკსონთან და მასთან ცხოვრობდა. ბუტინას რუსეთის ჯაშუშებთან კავშირი არ გაუწყვეტია და მოსკოვის ინტერესების მიხედვით, გამუდმებით მათ დავალებებს ასრულებდა.
Facebook Forum