მალე ერთი თვე გახდება, რაც ამერიკის მთავრობის დიდი ნაწილი დაკეტილია. დახურვიდან 28-ე დღეს საბიუჯეტო საკითხებზე უთანხმოება დაპირისპირებულ მხარეებს შორის არათუ არ შემცირდა, არამედ გაღრმავდა კიდეც.
ჯერ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა კანონმდებელმა ნენსი პელოსიმ, ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა ერისადმი, რომელიც 29 იანვარს იყო დაგეგმილი, უნდა გადაიდოს, რადგან მთავრობა ჯერ კიდევ დახურულია. საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტი კონგრესში კანონმდებლებმა უნდა მიიწვიონ.
პრეზიდენტ ტრამპის პასუხმა არ დააყოვნა. ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, მან პელოსის, არასაკმარისი ბიუჯეტის მომიზეზებით, რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტი გაუუქმა. სპიკერი ავღანეთში უნდა გამგზავრებულიყო, რისთვისაც მას სამხედრო თვითმფრინავი ესაჭიროებოდა.
ნენსი პელოსი ბელგიაში და ეგვიპტეშიც უნდა წასულიყო. ტრამპმა სამხედრო თვითმფრინავის გამოყოფაზე უარი თქვა და სპიკერს ევროპაში და ეგვიპტეში ჩვეულებრივი, სამგზავრო თვითმფრინავით გამგზავრება ურჩია.
პელოსიმ პრეზიდენტის შეთავაზებაზე უარი თქვა. მისმა ოფისმა კი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავღანეთში დაგეგმილი გაფრენის თაობაზე საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში დაადანაშაულა.
Facebook Forum