შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს, სავარაუდოდ, ხელს მოაწერს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, ფედერალური მთავრობის მოხელეებს დღემდე არ მიღებული ხელფასი გადაეხდებათ. კანონპროექტი მხოლოდ იმის გარანტიას იძლევა, რომ ადამიანებს გაცდენილი ხელფასი არ დაეკარგებათ, თუმცა იმას არ ამბობს, თუ როდის მოხდება ამ ანაზღაურების გაცემა.
ამერიკის ფედერალური მთავრობის რამდენიმე სააგენტოს ბიუჯეტი არ აქვს სრული დატვირთვით საქმიანობის გასაგრძელებლად. ამის გამო, ფედერალური მთავრობის, დაახლოებით, 800 ათასი თანამშრომელი ან უხელფასო შვებულებაშია გაშვებული, ან სამსახურში დადის, მაგრამ ხელფასს ვერ იღებს.
შეერთებული შტატების მთავრობის ნაწილი 22 დეკემბრის შემდეგ მუშაობს მინიმალური დატვირთვით. საბიუჯეტო კრიზისს თეთრ სახლსა და კონგრესს შორის არსებული უთანხმოება იწვევს. პრეზიდენტი ტრამპი ბიუჯეტში მექსიკის საზღვართან კედლის ასაშენებლად $5.7 მილიარდს ითხოვს. დემოკრატები, რომლებსაც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა აქვთ, ბიუჯეტში ამ თანხის შეტანაზე უარს ამბობენ.
თუ თეთრი სახლი და კონგრესი ბიუჯეტის საკითხზე კიდევ ერთი კვირა ვერ შეთანხმდნენ, საჯარო მოხელეების იმ ნაწილს, რომლებზეც მთავრობის ნაწილობრივი დახურვა პირდაპირ მოქმედებს, გეგმიური ხელფასი ზედიზედ მეორედ არ გადაეხდება.
ამ ფონზე, თეთრმა სახლმა ათობით ათასი ადამიანის სამსახურში უხელფასოდ დაბრუნება მოითხოვა. ეს ის საჯარო მოხელეები არიან, რომლებიც აეროპორტების უსაფრთხოებაზე, სურსათისა და მედიკამენტების უვნებლობის შემოწმებაზე და სხვა ისეთ საკითხებზე მუშაობენ, რომლებიც საზოგადოების უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
Facebook Forum