ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო უწყებების ნაწილი მე-4 კვირაა დაფინანსების გარეშე ფუნქციონირებს


ამერიკაში ფედერალური მთავრობის საქმიანობის ნაწილი კვლავ შეჩერებულია. პროცესი, რომელსაც „მთავრობის დახურვის“ სახელით მოიხსენიებენ, გრძელდება. პრეზიდენტი ტრამპი და დემოკრატი კანონმდებლები სასაზღვრო უსაფრთხოების დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან. აქამდე გამართულ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია.

დღეს 26-ე დღეა, რაც ამერიკის მთავრობის ნაწილის საქმიანობა შეჩერებულია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებული 800 000 ადამიანი იძულებულია უხელფასო შვებულებაში იყოს ან ანაზღაურების გარეშე იმუშაოს, რადგან მისი მუშაობა აუცილებელია ამა თუ იმ უწყების საბაზისო ფუნქციონირებისთვის. შტატიანი თანამშრომლების ნაწილი ხელფასს, სავარაუდოდ, მას შემდეგ აიღებს, რაც ბიუჯეტის ახალი პროექტი დამტკიცდება.

თეთრი სახლის ინფორმაციითვე, მთავრობის დახურვის ყოველი კვირა 2.5 მილიარდი დოლარის ზარალს ნიშნავს. გარდა ამისა, ეს ციფრები პირდაპირ არ გამოხატავს ეკონომიკური ეფექტით გამოწვეულ იმ სიძნელეებსა და გამოწვევებს, რაც მცირე ბიზნესს შეექმნა.
სემ ბერგერი, ანალიტიკოსი

ბევრ ადამიანს, ვინც ვალდებულია სამსახურში გამოცხადდეს რესურსების მინიმიზაციის მიზნით ზოგ შემთხვევაში იმაზე გაცილებით მეტი სამუშაოს შესრულება უწევს, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. ეს ეხება ისეთ განსხვავებულ სფეროებს, როგორებიცაა მაგალითად - აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურები ან გარემოს დაცვის თუ უსაფრთხოების მონიტორინგის სააგენტო და ასე შემდეგ.

პრეზიდენტი ტრამპი თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წინასაარჩევნო დაპირების - მექსიკასთან კედლის ასაშენებლად საჭირო თანხის - 5 მლრდ დოლარზე მეტის გამოყოფას ითხოვს. დემოკრატი კანონმდებლები მხოლოდ $1,3 მილიარდის გამოყოფაზე არიან თანახმა და ისიც არა მხოლოდ კედლისთვის, არამედ ზოგადად სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის.

შესაბამისად, ბიუჯეტის ისეთი პროექტი, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებდა, ვერ შემუშავდა და არც ერთი მხარე არ არის თანახმა დათმობაზე და კომპრომისზე წავიდეს.

საინტერესოა, რომ ეს პროცესი არ ეხება მხოლოდ კლასიკური გაგებით სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს. ვაშინგტონში, მაგალითად, დახურულია პოპულარული მუზეუმები, დაკეტილია ეროვნული არქივი, შეზღუდვებით მუშაობს ზოგიერთი ეროვნული პარკი, ზოოპარკი. სხვადასხვა შტატში არსებული ასეთი დაწესებულებები კერძო ფონდებს მიმართავენ ან შტატის ხელისუფლებისგან იღებენ დახმარებას. თუ ეს პროცესი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდა, ზიანი მიადგება იმ ადამიანებს, რომლებიც მაგალითად, საკვების ტალონებს იღებენ, ან ხანძრისა და წყალდიდობების შედეგად არიან დაზარალებულნი და ფედერალური მთავრობისგან დახმარებას იღებენ.

დღემდე, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, თუმცა უშედეგოდ. ამჟამად, ბოლო რამდენიმე დღეა ამ მიმართულებით კონკრეტული შეხვედრები არ გამართულა. მხარეები აგრძელებენ ერთმანეთის დადანაშაულებას. ამ მხრივ გასული კვირა უფრო აქტიური იყო, როდესაც პრეზიდენტმა და მის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა პირდაპირი სატელევიზიო ეთერით, სიტყვით მიმართეს ერს. ასევე გაიმართა შეხვედრა დემოკრატ ლიდერებთან, რომელსაც დონალდ ტრამპმა "დროის ფუჭი კარგვა" უწოდა. შემდეგ ის ტეხასში სასაზვრო ქალაქში ჩავიდა და იქიდან ისაუბრა საზღვარზე არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელსაც ის "ეროვნულ კრიზისს" უწოდებს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ალბათობაზეც საუბრობს.

საგანგებო მდგომარეობა ერთი მხრივ აძლევს პრეზიდენტს იმის საშუალებას, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები, მათ შორის, კედლის ასაშენებლად თანხების მოძიება, მიიღოს უფრო სწრაფად და საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის გარეშე. თუმცა, თანხების მობილიზება არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების დაბლოკვის შესაძლებლობა არ იქნება. დემოკრატები ამბობენ, რომ ასეთ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებენ სასამართლოში და მის კონსტიტუციურობაზე იდავებენ.

საჯარო და კერძო სექტორი

ეს პროცესები პირდაპირ ეხება ფედერალურ საჯარო სექტორში დასაქმებულ 800 000 ადამიანსა და მათ ოჯახებს, თუმცა ამას პირდაპირი და ირიბი ზეგავლენა აქვს კერძო სექტორზეც. დაზარალებულთა შორის მცირე ბიზნესის წარმომადგენლებიც არიან - მაგალითად, ადგილობრივი რესტორნები და ტაქსის მძღოლები. ადამიანებმა არ იციან, როდის მიიღებენ შემდეგ ხელფასს, შესაბამისად, ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები დახარჯონ.

„თეთრი სახლის ინფორმაციით, მთავრობის დახურვის ყოველი კვირა 2.5 მილიარდი დოლარის ზარალს ნიშნავს. გარდა ამისა, ეს რიცხვი პირდაპირ არ გამოხატავს ეკონომიკური ეფექტით გამოწვეულ იმ სიძნელეებსა და გამოწვევებს, რაც მცირე ბიზნესს შეექმნა", - ამბობს ანალიტიკოსი სემ ბერგერი, რომელიც 2013 წლის მსგავს პროცესებშიც მონაწილეობდა. მისი აზრით, ასეთი ხანგრძლივი შეფერხება საჯარო სექტორის გარდა კერძო ბიზნესსა და ეკონომიკაზეც მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს და ამას ხანგრძლივი შედეგები ექნება.

თუმცა მიუხედავად მათზე უარყოფითი გავლენისა, რესტორნებისა თუ სწრაფი კვების ობიექტების, ჰიპერმარკეტების წარმოამდგენლები ადამიანების დახმარებით მოტივირებულ გადაწყვეტილებებსაც იღებენ. ზოგ რესტორანში სპეციალური საათებიც კი გამოიყო, როდესაც მთავრობის თანამშრომლებს, რომლებიც ხელფასს ვერ იღებენ, შეუძლიათ მივიდნენ და მაგალითად, უფასო პიცა მიირთვან. ჰიპერმარკეტები ზოგიერთ მეტროსადგურთან უფასოდ არიგებენ სხვადასხვა საკვებ პროდუქტს და ა.შ.

ამერიკის ისტორიაში ეს ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია, რა დროითაც საჯარო სექტორის ნაწილის საქმიანობა ოდესმე შეჩერებულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG