ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობის ნაწილობრივ დახურვაში პარტიები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ


ამერიკის საჯარო სექტორის ნაწილის საქმიანობა უკვე 24 დღეა შეჩერებულია. ამერიკის პრეზიდენტი კანონმდებლების შემოთავაზებულ ბიუჯეტს არ თანხმდება, სანამ მასში მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად საჭირო თანხა არ იქნება გათვალისწინებული. დემოკრატები ამ იდეას არაეფექტურად მიიჩნევენ და პრეზიდენტის მოთხოვნას არ თანხმდებიან.

კვირას, გვიან ღამით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომლებშიც ის კონსერვატორი კომენტაორის პატ ბაჩანანის საავტორო სვეტის ციტატებს ავრცელებდა და აზიარებდა. სვეტში ავტორი პრეზიდენტს აღმასრულებელი ძალაუფლების გამოყენებას და საგანგებო ვითარების გამოცხადებას ურჩევს იმისათვის, რომ კედლისთვის საჭირო თანხები მიიღოს. დღის ბოლოს კი პრეზიდენტმა თავადაც დაწერა: "ჩვენი ხალხი ითხოვს საზღვრის უსაფრთხოებას, ახლა!"

კვირა დილით ტრამპის ერთ-ერთმა უდიდესმა მოკავშირემ და თანამოაზრემ ამერიკის სენატში - სამხრეთ კაროლინის სენატორმა ლინდსი გრემმა მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი აღდგენის თაობაზე ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა საჯარო სექტორის დახურული ნაწილი დროებით მაინც ამოქმედდეს და დემოკრატებთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს. თუმცა "ფოქს ნიუსთან" სუაბარში მან ასევე აღნიშნა, რომ თუკი პრეზიდენი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, ის მაინც დაუჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას.

გრემი ამბობს, რომ ძნელია მოლაპარაკება იმ დემოკრატ ლიდერებთან, (კერძოდ კი ის წარმომადგენელთა პალატის ლიდერს, ნენსი პელოსის გულისხმობდა), რომლებიც ამბობენ, რომ მთავრობის საქმიანობის აღდგენის შემთხვევაშიც კი პრეზიდენტს 1 დოლარზე მეტს არ მისცემენ კედლის ასაშენებლად.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება გამოყოს კედლის ასაშენებლი თანხები ბიუჯეტიდან კონგრესის თანხმობის გარეშე. თუმცა ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დემოკრატები დაუყოვნებლივ გაასაჩივრებენ სასამართლოში.

დემოკრატების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებას ემხრობიან, თუმცა ამბობენ, რომ საზღვარზე "ეროვნული კრიზისის" მასშტაბის პრობლემა არ არსებობს და კედლის დაფინანსება გაუმართლებელი ხარჯი იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG