ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დახურული მთავრობის 24 დღე - მიუღწეველი შეთანხმება


ამერიკის ფედერალური საჯარო სექტორის დიდი ნაწილის საქმიანობა კვლავ შეჩერებულია. კვირის მონაცემებით 23-ე დღე - ეს ამერიკის ისტორიაში უკვე ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია, რა დროითაც მთავრობის ნაწილი ოდესმე გაჩერებულა.

შაბათს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატები და კონგრესში მათი ლიდერები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა სოციალურ ქსელ "ტვიტერის" მეშვეობით.

"მე აქ ვარ, თეთრ სახლში და ველოდები როდის დარეკავენ მტირალი ჩაკ შუმერი და ნენსი პელოსი, ველოდები, რომ დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის დახმარება საზღვარზე და ქვეყნის შიგნითაც", - დაწერა დონალდ ტრამპმა.

საპროტესტო აქცია დეტროიტში, 10 იანვარი, 2019.
საპროტესტო აქცია დეტროიტში, 10 იანვარი, 2019.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კი, შაბათ სილით, პრეზიდენტმა დაწერა:

"ჩვენ მასობრივი ჰუანიტარული კრიზისი გვაქვს სამხრეთ საზღვარზე. ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ დიდხანს, სანამ დემოკრატები არ გამოვლენ "შვებულებებიდან" და საქმეს არ დაუბრუნდებიან. მე თეთრ სახლში ვარ და მზად ვარ დოკუმენტებს ხელი მოვაწერო", - თქვა ტრამპმა. წარმომადგენელთა პალატა და სენატი საქმიანობას ორშაბათ დილით განაახლებს.

დონალდ ტრამპი მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად საჭირო თანხებს ითხოვს ბიუჯეტიდან. დემოკრატები მის ინიციატივას არარაციონალურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ არ სურთ ამაში დაიხარჯოს ამერიკის ბიუჯეტის თანხები. თუმცა დათმობას არც პრეზიდენტი ტრამპი აპირებს. რამდენიმე უშედეგო შეხვედრის შემდეგ, ამერიკის მთავრობის ნაწილის საქმიანობა ჯერ კიდევ შეჩერებულია.

"უმტკივნეულოდ" რამდენადაც შესაძლებელია

პრეზიდენტი ამბობს, რომ საზღვარზე კედლის აშენება შეაჩერებს არალეგალურ მიგრანტებს, რომლებსაც მან არაერთხელ უწოდა კრიმინალები და მოძალადეები. კედლის იდეა მისი კამპანიისას ერთ-ერთი პოპულარული დაპირება იყო. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ოპოზიციას შორის ბიუჯეტზე შეთანხმების მიუღწევლობის გამო, მთავრობის საქმიანობა უკვე სამ კვირაზე მეტია შეფერხებულია. 800 000-მდე ადამიანი იძულებით შვებულებაშია ან ვალდებულია იმუშაოს და ხელფასი მხოლოდ მოგვიანებით, მთავრობის მუშაობის აღდგენის შემდეგ, რეტროაქტიულად მიიღოს. უშედეგო მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ ფედერალური მთავრობის თანამშრომლებმა დაახლოებითაც არ იციან, როდის უნდა ელოდონ შემდეგ ხელფასს. მთავრობის ნაწილის საქმიანობის შეჩერება ისეთ დაწესებულებებზეც მუშაობს, როგორებიცაა სახელმწიფო მუზეუმები, ეროვნული პარკები, ეროვნული არქივი და ა.შ.

ზოგიერთი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ და კერძო ბიზნესის წამომადგენლებმა ფედერალური მთავრობის თანამშრომლების დასახმარებლად განსხვავებული კამპანიები წამოიწყეს. მათ ზოგან სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობენ. ზოგიერთმა დიდმა სუპერმარკეტების ქსელმა კი ვაშინგტონსა და მის შემოგარენში მათთვის პროდუქტის ნაწილის უფასოდ გაცემა დაიწყო. ზოგიერთმა სკოლამ კი ფედერალური მთავრობის თანამშრომლების შვილებისთვის ლანჩის პროგრამები გაზარდა და გააფართოვა.

რასელ ვოუთი, ბიუჯეტის მენეჯმენტის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, ეს პროცესი დასაქმებულთათვის "იმდენად უმტკივნეულო იყოს, რამდენადაც შესაძლებელია". თუმცა ამავე ოფისის ყოფილი დირექტორი ამ განცხადებას არ ეთანხმება.

ალის რივლინი ამ უწყებას მაშინ ხელმძღვანელობდა, როდესაც 1996 წელს ხელისუფლების საქმიანობა 21 დღით გაჩერდა. ეს აქამდე ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი იყო.

"თითქოს სტრატეგია იმას გულისხმობს, რომ მთავრობა დარჩეს გაჩერებული, არ ვიდარდოთ თანამშრომლებზე მის გავლენაზე და ადამიანებზე, შტატიან და უშტატო თანამშრომლებზე, რომლებზეც ეს ყველაფერი გავლენას ახდენს", - ამბობს რივლინი და განმარტავს, რომ განსხვავება 1996 წლის პროცესებსა და ამჟამინდელს შორის ისაა, რომ მაშინ ხელისუფლებას ნამდვილად სურდა მისი დასრულება. "არ ვარ დარწმუნებული, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ეს სურს".

საგანგებო მდგომარეობა - გამოსავალი?

საბიუჯეტო დაფინანსების შეფერხებამ იმოქმედა სახელმწიფო დეპარტამენტისა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მეოთხედზე. დონალდ ტრამპი გასულ კვირას ტეხასში სასაზღვრო ქალაქ მკალენს ეწვია, სადაც თქვა, რომ შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. რადგან თუ კომპრომისი კედლის სასარგებლოდ არ იქნა მიღწეული, ის სხვა გზებს მონახავს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ტრამპს საშუალებას მისცემს თანხები კონგრესის წინასწარი თანხმობის გარეშე გადაანაწილოს. თუმცა სავარაუდოდ, ამგვარი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გასაჩივრდება სასამართლოში დემოკრატების მიერ. ისინი ამბობენ, რომ საზღვართან დაკავშირებით საგანგებო და კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს და პრეზიდენტი საკუთარ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას აჭარბებს, როდესაც ამის გაკეთების შესაძლებლობაზე საუბრობს.

თუმცა, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. ტრამპი ბრალს განსაკუთრებით დემოკრატი კანონმდებლების ორ ლიდერს - ჩაკ შუმერსა და ნენსი პელოსის სდებს. ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტი საზღვარზე არსებულ პრობლემებს აზვიადებს და კრიზისის არსებობას ფაქტობრივად იგონებს იმისათვის, რომ ყურადღება გადაიტანოს მასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიდან. დემოკრატი ლიდერები დონალდ ტრამპს სთავაზობენ კედლის საკითხის სხვა საკითხებისგან განცალკევებას, რათა მთავრობის მუშაობის აღდგენა მოხერხდეს და კედელზე მოლაპარაკებები ცალკე გაგრძელდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG