ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ფედერალური მთავრობა 33 დღეა ნაწილობრივ გათიშულია


ამერიკის სენატი ხუთშაბათს კენჭს უყრის რესპუბლიკელების და დემოკრატების შემოთავაზებულ ორ სხვადასხვა კანონპროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს ფედერალური მთავრობის ნაწილობრივი გათიშვის დამთავრებას. ამერიკის რამდენიმე სახელმწიფო უწყება უკვე მეორე თვეა ნაწილობრივ დახურულია ბიუჯეტის არქონის გამო.

დემოკრატების კანონპროექტი, რომელიც წარმოამდგენელთა პალატამ უკვე მიიღო, მთავრობის დროებით, 8 თებერვლამდე დაფინანსების წინადადებით გამოდის და აცხადებს, რომ ამ დროის განმავლობაში მხარეებმა მოლაპარაკება უნდა აწარმოონ. ოპოზიციის კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მოთხოვნილ 5.7 მილიარდ დოლარს არ შეიცავს. პრეზიდენტი ამ თანხას მექსიკასთან საზღვარზე კედლის ან ბარიერის აშენებისთვის ითხოვს.

რესპუბლიკელების კანონპროექტი კი კედლის ასაშენებლად $5.7 მილიარდის გამოყოფას და ზოგიერთი იმიგრანტის დეპორტაციისგან დროებით დაცვას ითვალისწინებს.

პრეზიდენტმა ტრამპმა სამშაბათს “ტვიტერზე” განაცხადა, რომ “კედლის გარეშე ჩვენს ქვეყანას არასოდეს ექნება საზღვარი ან ეროვნული უსაფრთხოება. ძლიერი კედლით, ან ფოლადის ბარიერით დანაშაულის მაჩვენებელი (და ნარკოტიკები) მნიშვნელოვნად შემცირდება მთელს შეერთებულ შტატებში. დემოკრატებმა ეს იციან, მაგრამ პოლიტიკური თამაში სურთ. საბოლოოდ, ეს სწორად უნდა გაკეთდეს.” “არა დანებებას,” დასძინა ტრამპმა.

დაფინასების არქონის გამო, ფედერალური მთავრობის, დაახლოებით, 800 ათასი თანამშრომელი ან უხელფასო შვებულებაშია გაშვებული, ან სამსახურში დადის, მაგრამ ხელფასს ვერ იღებს.

შეერთებული შტატების მთავრობის ნაწილი 22 დეკემბრის შემდეგ მუშაობს მინიმალური დატვირთვით. საბიუჯეტო კრიზისს თეთრ სახლსა და კონგრესს შორის არსებული უთანხმოება იწვევს. პრეზიდენტი ტრამპი ბიუჯეტში მექსიკის საზღვართან კედლის ასაშენებლად $5.7 მილიარდს ითხოვს. დემოკრატები, რომლებსაც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა აქვთ, ბიუჯეტში ამ თანხის შეტანაზე უარს ამბობენ.

ამ ფონზე, თეთრმა სახლმა ათობით ათასი ადამიანის სამსახურში უხელფასოდ დაბრუნება მოითხოვა. ეს ის საჯარო მოხელეები არიან, რომლებიც აეროპორტების უსაფრთხოებაზე, სურსათისა და მედიკამენტების უვნებლობის შემოწმებაზე და სხვა ისეთ საკითხებზე მუშაობენ, რომლებიც საზოგადოების უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG