ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მთავრობის სრულად ამუშავება კვლავ ფერხდება


აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი (მარცხნივ) და უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი (მარცხნივ) და უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი

დაიწყო რეკორდული, 32-ე დღე შეერთებული შტატების მთავრობის ნაწილობრივი დახურვიდან. ამერიკის კონგრესის რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები საბიუჯეტო საკითხებზე შეთანხმებას ისევ ვერ აღწევენ.

ორშაბათს, სენატის რესპუბლიკელმა ლიდერებმა 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, მორიგი კანონპროექტი მოამზადეს. ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ე.წ. კომპრომისულ გეგმას ეყრდნობა, თუმცა დემოკრატები თავიდანვე მის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

უთანხმოების ცენტრში კვლავ ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, მექსიკის საზღვარზე კედლის, ან სხვა ტიპის ფიზიკური ბარიერის 5.7 მილიარდი დოლარით დაფინანსებაა, რომელიც პრეზიდენტის თქმით, უკანონო იმიგრაციის და ნარკოტიკების შემოტანის შესაჩერებლადაა აუცილებელი. სენატი ახალ კანონპროექტს ამ კვირის განმავლობაში უყრის კენჭს.

დემოკრატების ლიდერობით მოქმედმა წარმომადგენელთა პალატამ უკვე რამდენიმე კანონპროექტი დაამტკიცა. დემოკრატების ვერსიაში სამხრეთის საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცებისთვის 1.3 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. ამასთან, ეს თანხა არა იმდენად ფიზიკურ ბარიერებზე, არამედ უფრო თანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიებზე და სხვა ზომებზე უნდა დაიხარჯოს.

ამერიკის მთავრობა 22 დეკემბრის შემდეგ ნაწილობრივ დახურულია. ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არ არსებობს იმის, რომ მხარეები კომპრომისზე წავლენ და მოლაპარაკებას შეძლებენ. "შეწყვიტეთ თამაში და მიეცით ამერიკას უსაფრთხოება, რომელსაც ის იმსახურებს" - ასე მიმართა ორშაბათს პრეზიდენტმა ტრამპმა დემოკრატებს სოციალური ქსელის, "ტვიტერის" საშუალებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG