შეერტებული შტატების მთავრობა ახალ წელს დახურული შეხვდა. კონგრესში რესპუბლიკელები და დემოკრატები ბიუჯეტზე ისევ ვერ თანხმდებიან. პრეზიდენტი ტრამპი კონგრესისგან ხუთი მილიარდს მოითხოვს, თუმცა დემოკრატები მას ეწინააღმდეგებიან.
ამ კვირაში კონგრესი მნიშვნელოვნად განახლდება. ხუთშაბათს, მას შემდეგ, რაც ახლადარჩეული კონგრესმენები ფიცს დადებენ, წარმომადგენლობით პალატაზე კონტროლს დემოკრატიული პარტია მოიპოვებს. დემოკრატები გეგმავენ კანონის მიღებას, რომელიც მთავრობის დახურული სააგენტოების უმრავლესობის მუშაობას აღადგენს.
დემოკრატი კანონმდებლები ორი სხვადასხვა კანონპროექტით შეეცდებიან, რომ სექტემბრამდე დააფინანსონ დახურული სააგენტოების უმრავლესობა. ერთი პროექტი სააგენტოების უმეტესობის, ხოლო მეორე ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაობის 8 თებერვლამდე დაფინანსებას ეხება. მსგავსად დემოკრატების წინა წინადადებებისა, ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილში, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების დაფინანსება გათვალისწინებული არ იქნება.
ტრამპმა მიმდინარე დაპისპირების თაობაზე საკუთარი აზრი „ტვიტერზე“ კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ორშაბათს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „კედლის გარეშე უსაფრთხოება“ ვერ იქნება. „დემოკრატები სავარაუდოდ კანონპროექტს შეიტანენ, ისე საყვარლად როგორც ყოველთვის, [კანონპროექტი] ყველაფერს გასცემს, თუმცა არაფერს გამოყოფს საზღვრის უსაფრთხოებისვის, კერძოდ კედლისთივს“, - დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერზე“.
წარმომადგენელთა პალატის დემოკრატთა ლიდერმა ნენსი პელოსიმ და სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ერთობლივი წერილი გაავრცელეს, რომელშიც ისინი რესპუბლიკელებს მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ კანონპროექტს. მათი თქმით, პოლიტიკური უპასუხისმგებლობა იქნება იმ კანონპროექტის უარყოფა, რომელსაც მათ უკვე დაუჭირეს მხარი.
ტრამპს სურს, რომ სენატმა მექსიკა-ამერიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად 5 მილიარდი დოლარი გამოყოს. რეალურად, კედლის მშენებლობა ვარაუდობენ, რომ არა 5, არამედ 20 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება. დემოკრატებმა პრეზიდეტს 1.3 მილიარდი შესთავაზეს საზღვრის უსაფრთხოების განსამტკიცებლად და არა კედლის ასაშენებლად, თუმცა თეთრ სახლს ეს წინადადება არ მოსწონს.
ტრამპსა და დემოკრატებს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია. კედლის აშენება ორივე პარტიისთვის, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, პრინციპული მნიშვნელობის საკითხი ხდება. ამერიკის მთავრობის დახურვა გულისხმობს, რომ 380,000 მთავრობის თანამშრომელი დროებით დათხოვილია. 420,000 ე.წ. ფედერალი მუშაობს, თუმცა ბიუჯეტის დამტკიცებამდე და მთავრობის გახსნამდე ხელფასს ვერ მიიღებს.
Facebook Forum