პრეზიდენტს და კონგრესს შორის არსებული საბიუჯეტო უთანხმოების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დიდი ნაწილი მეოთხე დღეა დახურულია. 800 000 ფედერალური თანამშრომელი სამსახურში აღარ დადის და ჯერჯერობით არავინ იცის, სადამდე შეიძლება ეს მდგომარეობა გაგრძელდეს.
მუშაობას აგრძელებს მხოლოდ საგანგებო სამსახურები, ეროვნულ და საჯარო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უწყებები. თუმცა, ამ უწყებების თანამშრომლებს ხელფასი არ გადაეხდებათ მანამ, სანამ ბიუჯეტი არ დამტკიცდება და შესაბამისად, მთავრობა დახურული იქნება.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კონგრესის დემოკრატები ერთმანეთისკენ თითის გაშვერას აგრძელებენ და მთავრობის დახურვის მეოთხე დღესაც კი საბიუჯეტო რეზოლუციასთან ახლოს არ არიან. დემოკრატები პრეზიდენტს "ქვეყნის ქაოსში ჩაფლობას" აბრალებენ. ტრამპი კი ამბობს, რომ დემოკრატთა წინააღმდეგობა "უნდა დასრულდეს".
"პრეზიდენტს [მთავრობის] დახურვა უნდოდა, მაგრამ როგორც ჩანს, აღარ იცის, როგორ გამოვიდეს შექმნილი ვითარებიდან" - დაწერეს ერთობლივ განცხადებაში ჩაკ შუმერმა, სენატის უმცირესობის ლიდერმა და ნენსი პელოსიმ, კონგრესის უმრავლესობის სავარაუდო მომავალმა ლიდერმა. განცხადებაში ისინი საფონდო ბირჟაზე მომხდარ მკვეთრ ვარდნას პრეზიდენტ ტრამპს აბრალებენ, ასევე საუბრობენ მის მიერ "გაჩაღებულ" ომზე ამერიკის ცენტრალურ ბანკთან (ფედერალური რეზერვის საბჭოსთან), თავდაცვის მდივნის, გენერალ ჯიმ მატისის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე და სხვა მიმდინარე მოვლენებზე, რამაც მათი თქმით, ქვეყანას "ქაოსისკენ" უბიძგა.
პრეზიდენტი ტრამპი ბიუჯეტის დამტკიცების პირობად, 5 მილიარდი დოლარით მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებას ითხოვს, რაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. დემოკრატები კედლის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის 1.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას უჭერენ მხარს.
ტრამპს მთავრობის დახურვის გამო, ფლორიდაში საშობაო მოგზაურობის და შვებულების გაუქმება მოუწია. "სულ მარტო ვარ (მე საწყალი) თეთრ სახლში, ველოდები დემოკრატების დაბრუნებას და შეთანხმებას" - დაწერა პრეზიდენტმა გუშინ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე". მისი თქმით, "რაღაც მომენტში, დემოკრატების მხრიდან შეთანხმებაზე უარის სურვილი ჩვენს ქვეყანას უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე სასაზღვრო კედელი, რომელზეც ვსაუბრობთ. სიგიჟეა".
Facebook Forum