ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სენატი ორპარტიულ საბიუჯეტო პაკეტზე შეთანხმდა


ერთი დღით ადრე, ვიდრე ამერიკის მთავრობას მუშაობისთვის საჭირო ფული დაუმთავრდებოდა, სენატში ორივე პარტიის ლიდერებმა კომპრომისულ გამოსავალს მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, ფედერალურ მთავრობას დაფინანსება ორი წლით გაუგრძელდება. თუმცა, კონგრესში ყველაზე სადავო თემაზე - საემიგრაციო რეფორმაზე - არ ისაუბრეს.

კანონ-პროექტის თანახმად, ამერიკის მთავრობას ეროვნული თავდაცვისა და შიდა პროგრამებისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში 300 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. დაფინანსების ეს ოდენობა დღემდე არსებულ ლიმიტს მოხსნის, რომლის თანახმადაც ამერიკის ფედერალურ მთავრობას უფლება არ ჰქონდა დანახარჯები გაეზარდა. რესპუბლიკელები ამ ლიმიტზე ამბობდნენ, რომ ის ამერიკის სამხედრო ძალებს ასუსტებს, დემოკრატები კი აცხადებდნენ, რომ ლიმიტის გამო ქვეყანაში სახელმწიფოს შემწეობაზე მყოფ ადამიანებს დახმარება აკლდებათ.

სენატში შეთანხმების მიღწევამდე ერთი დღით ადრე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიესალმება მთავრობის დროებითი დახურვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო მოლაპარაკების ფარგლებში კონგრესი საიმიგრაციო გეგამზე ვერ შეთანხმდა.

პრეზიდენტმა ეს განცხადება სამშაბათს იმ სამართალდამცავებთან შეხვედრის დროს გააკეთა, რომლებიც შეიარაღებული კრიმინალური ბანდა „მარა სალვატრუჩას“, იგივე „ემ-ეს13“-ის საქმეებზე მუშაობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG