ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი სოციალურ ქსელებზე რუსეთის გავლენას სწავლობს


დღეს კონგრესში დაბარებული არიან "ტვიტერის", "ფეისბუქის" და "გუგლის" ადვოკატები. სენატის იურიდიული კომიტეტი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის სხვადასხვა გზით ჩარევას, მათ შორის სოციალური ქსელებით შესაძლო გავლენას იკვლევს.

"ფეისბუქი" შიდა გამოძიებაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ მათ კრემლთან ასოცირებულ 80 ათასამდე პუბლიკაციას მიაკვლიეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ისინი დაახლოებით 126 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ნახა. გასულ კვირას "ტვიტერმა" საკუთარ პლატფორმაზე რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ორი არხის "სპუტნიკის" და "არ-თის" ("რაშა თუდეი") რეკლამები საერთოდ აკრძალა.

ტექნოლოგიური კომპანიები შეეცდებიან კანონმდებლები დაარწმუნონ, რომ შემდგომში, მსგავსი გავლენის თავიდან ასაცილებლად, ადეკვატურ ზომებს გაატარებენ. შეხვედრას დაესწრებიან "ფეისბუქის" და "ტვიტერის" გენერალური კონსულები: კოლინ სტრენჩი და შონ ეჯეტი. "გუგლს" კონგრესში ორგანიზაციის გამოძიების და საინფორმაციო უსაფრთხოების დირექტორი რიჩარდ სალგადო წარმოადგენს.

გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის შესაძლო ჩარევას და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან კრემლის სავარაუდო კავშირებს, კონგრესში სამი სხვადასხვა კომიტეტი იძიებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთთან მისი კამპანიის კავშირს კატეგორიულად უარყოფს.





Facebook Forum

XS
SM
MD
LG