ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი ორშაბათს სამართალდამცავ ორგანოებს ჩაბარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ამერიკის არჩევნებში ჩარევის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მას ბრალი წარუდგინეს. მანაფორტს ბრალი ამერიკის წინააღდეგ შეთქმულებაში, ფულის გათეთრებასა და გადასახადების დაფარვაში ედება. თუმცა ბრალდებები არ ფარავს საარჩევნო პერიოდს.
პარასკევს ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ ბრალდებები მანაფორტის და მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორის რიკ გეითსის წინააღმდეგ გაიზიარა და ბრალდება შეადგინა. მანაფორტი ვაშინგტონში ლობისტურ კომპანიას ხელმძღვანელობდა, და რუსეთის, ასევე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის უკრაინის ინტერესებს ლობირებდა.
ბრალდებები ამ ორ პირს ამერიკის არჩევნებში, რუსეთის ჩარევის გამოძიების ხელმძღვანელმა, სპეციალურმა გამომძიებელმა, რობერტ მალერმა წაუყენა.
დღეს პრეზიდენტმა ტვიტერში დაწერა, რომ აღნიშნული ბრალდებები იმ პერიოდს შეეხება „სანამ მანაფორტი ტრამპის კამპანიას შეუერთდებოდა. მისი თქმით, რუსეთსა და ტრამპის საარჩევნო გუნდს შორის „გარიგება" არ ყოფილა.
კვირას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მალერის გამოძიებას ისევ "კუდიანებზე ნადირობა" უწოდა. პრეზიდენტი სპეციალური საგამოძიებო კომისიისა და კონგრესის მცდელობებს, იპოვონ კავშირი მის საარჩევნო შტაბსა და რუსეთს შორის, შარშანდელ არჩევნებში ჰილარი კლინტონის სენსაციური დამარცხების გასამართლებლად დემოკრატიული პარტიის განწირულ მცდელობებს უწოდებს.
Facebook Forum