პარასკევს, 27 ოქტომბერს, ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები გაიზიარა და საბრალდებო აქტი დაამტკიცა. ფედერალური მოსამართლის ბრძანებით, საქმის მასალები დალუქულია. ბრალდებულის ვინაობას არ ამხელენ. საიდუმლოს, სავარაუდოდ, ორშაბათს აეხდება ფარდა. ორშაბათსვე ბრალდებული, შესაძლოა, დააპატიმრონ. ესაა პირველი საბრალდებო აქტი გამოძიებაში, რომელიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას სწავლობს.
კვირას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მალერის გამოძიებას ისევ "კუდიანებზე ნადირობა" უწოდა. პრეზიდენტი სპეციალური საგამოძიებო კომისიისა და კონგრესის მცდელობებს, იპოვონ კავშირი მის საარჩევნო შტაბსა და რუსეთს შორის, შარშანდელ არჩევნებში ჰილარი კლინტონის სენსაციური დამარცხების გასამართლებლად დემოკრატიული პარტიის განწირულ მცდელობებს უწოდებს.
ორიოდე დღის წინ პრეზიდენტმა ტვიტერში დაწერა, რომ "მრავალთვიანი ძვირადღირებული გამოძიების შემდეგ საერთო შეთანხმების საგანია ის, რომ რუსეთსა და ტრამპს შორის გარიგება არ ყოფილა. რუსეთს გაურიგდა ჰკ [ჰილარი კლინტონი]."
Facebook Forum