ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროში ამერიკამ ისრაელ-"ჰამასის" ომში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება დაბლოკა


ისრაელ-"ჰამასის" ომში დაუყონებლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის პროექტი გაეროში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაბლოკა. უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ამერიკის ელჩმა განმარტა, თუ რატომ გამოიყენებდა შეერთებული შტატები ვეტოს უფლებას და არ დაუჭერდა მხარს ალჟირის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს.

„ცეცხლის დაუყონებლივი, უპირობო შეწყვეტის მოთხოვნა შეთანხმების გარეშე, რომელიც მოითხოვს "ჰამასის" მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებას, არ მოიტანს გრძელვადიან მშვიდობას. სამაგიეროდ, მას შეუძლია გაახანგრძლივოს ომი "ჰამასსა" და ისრაელს შორის“, - თქვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამერიკის ელჩმა ლინდა თომას გრინფილდმა.

ელჩმა გრინფილდმა აქვე განმარტა, რომ რეზოლუციის პროექტი შესაძლოა ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩენილიყო ამერიკის, ეგვიპტის, ისრაელისა და ყატარის მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელ-"ჰამასის" ომის შეჩერებას და მძევლების დაუყონებლივ გათავისუფლებას.

რეზოლუციის პროექტის ავტორებმა ამერიკის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემა „კოლექტიური დასჯის მხარდაჭერაა“.

„ამ რეზოლუციის პროექტის სასარგებლოდ კენჭისყრა არის პალესტინელების სიცოცხლის უფლების მხარდაჭერა. პირიქით, მის წინააღმდეგ ხმის მიცემა გულისხმობს მათ მიმართ სასტიკი ძალადობისა და კოლექტიური დასჯის მხარდაჭერას“, - თქვა ალჟირის ელჩმა გაეროში.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელს, მოკლეს 1200 და გაიტაცეს ასობით მშვიდობიანი ადამიანი. გატაცებულთა ნაწილი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება.

თავდასხმის საპასუხოდ, რომელსაც შეერთბული შტატები ტერორისტულ აქტად აფასებს, დაწყებული ომი დღემდე გრძელდება, რასაც გაეროს მონაცემებით ღაზის სექტორში ათასობით მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ისრაელის გაცხადებული მიზანია გაანადგუროს "ჰამასი" და გაათავისუფლოს მძევლები.

ქვეყნების ნაწილი, მათ შორის, შეერთებული შტატები „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ისრაელ-"ჰამასის" ომის მიმდინარეობის პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტოს უფლება რეზოლუციის სამ პროექტზე გამოიყენა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG