ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვლევა: ამერიკაში ანტისემიტური ინციდენტების რაოდენობა 388%-ით გაიზარდა


ისრაელელი ებრაელები გოდების კედელთან ლოცულობენ. იერუსალიმი, 19 ოქტომბერი, 2023.
ისრაელელი ებრაელები გოდების კედელთან ლოცულობენ. იერუსალიმი, 19 ოქტომბერი, 2023.

ამერიკაში ანტისემიტური ინციდენტების რაოდენობა თითქმის 400%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა, საპასუხოდ კი, ისრაელმა გასახმედროებულ დაჯგუფებას ომი გამოუცხადა. კვლევის შედეგებს უფლებადამცველი ჯგუფი „წილისწამების საწინააღმდეგო ლიგა“ (ADL) ავრცელებს.

უფლებადამცველი ჯგუფის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, 7 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში შეერთებულ შტატებში ანტისემიტური ინციდენტების რაოდენობა 388%-ით გაიზარდა. ADL-ის ექსტრემზმის ცენტრის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, დროის ამ მონაკვეთში, 312 ანტისემიტური ინციდენტი დაფიქსირდა, მათ შორის შევიწროება, ვანდალიზმი და თავდასხმა. ორგანიზაციის მონაცემებით, 190 ინციდენტი პირდაპირ უკავშირდებოდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომს.

ორგანიზაციის მიერ მოყვანილ მაგალითებს შორის იყო სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფა; ძალადობრივი ონლაინ შეტყობინებები, განსაკუთრებით პლატფორმა „ტელეგრამზე“; და საპროტესტო აქციები, სადაც "ADL-მა აღმოაჩინა „ჰამასის“ ან/და ისრაელში ებრაელების წინააღმდეგ ძალადობის აშკარა ან მტკიცე მხარდაჭერა."

2022 წლის იმავე პერიოდში, ADL-მა ამერიკაში მხოლოდ 64 ანტისემიტური ინციდენტი აღრიცხა. სულ, ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს 3 700 ანტისემიტური შემთხვევა გამოვლინდა. მათივე ცნობით, 1979 წლიდან, მას შემდეგ, რაც ანტისემიტური თავდასხმების აღწერა დაიწყო, ეს ერთ წელში მომხდარი ინციდენტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

„როცა ისრაელში კონფლიქტი იფეთქებს, ამას ამერიკასა და მთელ მსოფლიოში, ანტისემიტური ინციდენტები მალე მოჰყვება ხოლმე“, - თქვა ADL-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. ჯონათან გრინბლატმა ხელისუფლებას მოუწოდა, ებრაული თემების მხარდაჭერა და უსაფრთხოება გააუმჯობესონ.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, უწყება ებრაელებისა და მუსლიმების წინააღმდეგ მზარდ საფრთხეებს აკონტროლებს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო ანტისემიტიზმი და ისლამოფობია.

გასამხედროებული დაჯგუფება „ჰამასი“ 7 ოქტომბერს ისრაელში შეიჭრა და მეტწილად სამოქალაქო პირები, 1400-ზე მეტი ადამიანი დახოცა. დაჯგუფების წევრები სამხრეთ ისრაელში, მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხნენ ავტომაგისტრალებზე, კულტურულ ღონისძიებებზე, საკუთარ სახლებში, თავშესაფრებში. "ჰამასის" მებრძოლები მოქალაქეებს ხოცავდნენ, მათზე ძალადობდნენ, ნაწილი კი ტყვედ წაიყვანეს. ღაზაში წაყვანილი 200-ზე მეტი მძევლის ასაკი 9 თვიდან, 85 წლამდეა. 1997 წლიდან, დაჯგუფება ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული.

7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, ღაზის სექტორი ალყაში მოაქცია და საჰაერო იერიშები დაიწყო. სექტორის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, 7 ოქტომბრის შემდეგ, სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, 6 546 პალეტინელი დაიღუპა, მათ შორის - 2 704 ბავშვი.

XS
SM
MD
LG