ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში ამერიკის საელჩომ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა


ბაღდადში შეერთებული შტატების საელჩოს უსაფრთხოების სამსახურმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა მომიტინგეების წინაღმდეგ, რომლებმაც საელჩოს გარე პერიმეტრის გარღვევა შეძლეს. ისინი ამერიკის მხრიდან ირანის მიერ მხარდაჭერილი სახალხო ლაშქრების დაბომბვას აპროტესტებდნენ ერაყსა და სირიაში.

დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. მათმა ნაწილმა დემონსტრაციის გზაზე ცეცხლის გაჩენა სცადა, ნაწილი ქვებს ისროდა, ნაწილი კი დაბომბილი დანაყოფების დროშებით მონაწილეობდა აქციაში.

ამერიკის მიერ კვირას განხორციელებულმა ოპერაციამ ერაყის ოფიციალურ წრეებში ბრაზი და კრიტიკა გამოიწვია. პასუხად, შეერთებული შტატები საკუთარ გადაწყვეტილებას იცავს და აცხადებს, რომ დამატებითი რეიდები გამორიცხული არ არის.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საელჩოს პერიმეტრის გარღვევის ფაქტში ირანი დაადანაშაულა.

“ირანმა ამერიკელი კონტრაქტორი მოკლა, ბევრი დაჭრა. ჩვენ ძლიერი რეაგირება გავაკეთეთ და ყოველთვის ასე გავაკეთებთ. ახლა ირანი ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის ორკესტრირებას ახდენს. მათ ანგარიშვალდებულება დაეკისრებათ. ამასთან, ჩვენ მოველით, რომ ერაყმა საკუთარი ძალები გამოიყენოს საელჩოს დასაცავად და ამის შესახებ ვაცნობეთ,” განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა ტვიტერზე.

ამერიკის მიერ ერაყსა და აღმოსავლეთ სირიაში განხორციელებული საჰაერო რეიდების შედეგად, სულ ცოტა, 25 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. დაბომბვის მიზანი დაჯგუფება “ქათიბ ჰეზბოლას” იარაღის საწყობების და სამეთაურო პუბქტების განადგურება იყო.

ამერიკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საჰაერო ოპერაცია რეაგირება იყო ერაყის სამხედრო ბაზიდან “ქათიბ ჰეზბოლას” მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელმაც ამერიკელი კონტრაქტორის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG