ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსთაველის გამზირზე კვლავ დაძაბულობაა


პარლამენტის შენობასთან სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქტივისტები სპეცრაზემელების მისამართულებით ბოთლებს და სხვა ნივთებს ისვრიან. ადგილზე მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მათ წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. რუსთაველის გამზირზე ჯერ კიდევ ისმის სროლის ხმა.

არიან დაშავებულებიც. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეებს შორის 17 ადამიანი დაშავდა, სამართალდამცავებში კი - 38. ნაწილს დახმარება იქვე აღმოუჩინეს, ზოგს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, დაშავებულებს შორის მედიის წარმომადგენლებიც არიან. რეზინის ტყვიებით დაშავდნენ "ონ-ჯეს" ჟურნალისტები ანა ვახტანგაძე და გვანცა ნემსაძე. ასევე ვრცელდება ინფორმაცია პირველი არხის და რუსთავი 2-ის ოპერატორების დაშავების შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი "ფეისბუქში" მიმართვას ავრცელებს. ის თანამოაზრეებს მოუწოდებს რეგიონებიდან თბილისში ჩავიდნენ. "ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმა აიღოს სიტუაცია ხელში, არ შეეშინდეს რეპრესიული აპარატის" - განაცხადა მან საკუთარ გვერდზე დაახლოებით ერთი საათის წინ დადებულ ვიდეო-მიმართვაში.

აქცია ბათუმის ევროპის მოედანზეც გაიმართა. ბათუმელები პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ.

"ნეტგაზეთი" აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის კიდევ ერთ განცხადებაზე. პრესსამსახურის განცხადების მიხედვით, პრემიერი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებისა და გაზის გამოყენება “ქართული ოცნების” ხელწერა არსოდეს ყოფილა და არც იქნება.

პრემიერის თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობდა დღესაც და წინ უსწრებდა დღევანდელ დღეს, საერთო პროვოკაციის ნაწილია. "მინდა, დავარწმუნო საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ ჩვენ, თქვენთან ერთად, ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით ისე, რომ ქართული სახელმწიფო, ქართული დემოკრატია, ქართლი კონსტიტუცია გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურისგან მიღებულ განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG